თეთრამიწა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრავალფენიანი გორანამოსახლარი მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე, ქ. ქუთაისის ჩრდ.-დას-ით. სახელი ეწოდა თეთრი კირქვებით აგებული გორის მიხედვით. არქეოლ. ნაშთები პირველად შემთხვევით აღმოჩნდა 1924 (პ. ჭაბუკიანი). გათხრები მიმდინარეობდა 1964–66 (ნ. ზ. ბერძენიშვილი ლ. ნებიერიძე). თ-ზე ადამიანის არსებობის კვალი ჩანს მუსტიეურ ეპოქაში. აღმოჩენილია ამ დროის კაჟის ინვენტარი: სხვადასხვა ტიპის სახოკები, წვეტანები, დისკოსებრი ნუკლეუსები, ფოთლისებრი ფირფიტა-ანატკეცები და სხვ. თ-ზე აღმოჩენილი სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ქვის (კაჟი, ობსიდიანი, არგილიტი, ბაზალტი, ქვიშაქვა და ა. შ.) იარაღი ძირითადად ნეოლითის ხანისაა, თუმცა გვხვდება ენეოლით-ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მასალაც. იარაღ-ხელსაწყოების დიდი ნაწილი ადრინდ. სამიწათმოქმედო კულტურას განეკუთვნება (ქვის თოხები, წალკატები, ხელსაფქვავები, მარცვლეულის სასრესები, ნამგლის პირის გასამართი მიკროიარაღები და სხვ.). მრავლადაა აგრეთვე ხის დასამუშავებელი ქვის იარაღი (ცულები, საჭრეთლები, სათლელები და სხვ.); არქეოლ. მასალაში გვხვდება შუბისპირები, ისრისპირები და ქვის სამაჯურის ფრაგმენტები, ობსიდიანისა და კერამ. ნაწარმის ნაშთები. თ-ზე გადანაყარის აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ქვის იარაღის დამუშავება იქვე ხდებოდა. მასალა დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწ. ისტ. მუზეუმში და საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., ქვედაპალეოლითური ნაშთები ქუთაისის მიდამოებიდან, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1974, [ტ.] 6; კილაძე ნ., ახალი ქვის ხანის ძეგლები თეთრამიწიდან, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1951 ნაკვ. 29; ნებიერიძე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972.ნ. ბერძენიშვილი.