თეთრაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ გიორგის ასული (26. VI. 1917, თბილისი, – 7. XII. 1996, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1940 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. ამავე წლიდან იყო თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობი. სცენური მომხიბვლელობა, მაღალი საშემსრულებლო კულტურა, დახვეწილი, გამორჩეული პლასტიკა, მუსიკალობა მას საშუალებას აძლევდა ღრმად ჩასწვდომოდა გმირის ხასიათს, მის შინაგან ბუნებას. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ძიძია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ცირა (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ესმა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ნატალია (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), გუსტინა (ი. ფუჩიკის "ადამიანებო, იყავით ფხიზლად!"), ოდეტა (უ. დიუბუას "ჰაიტი"), შეილა (ჯ. პრისტლის "ინსპექტორი მოვიდა"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), მოქრისი (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დედა (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვ. 1962-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზე.თეთრაძე თამარ პეტრეს ასული (31. XII. 1922, თბილისი, – 2003, აშშ), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1976). 1942 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინ-ტი, 1953 – თბილ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტი. 1942–65 კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გულთამზე და გვირისტინე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" და "კოლმეურნის ქორწინება"), მაშა (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), ბიანკა, ოლივია (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება", "მეთორმეტე ღამე"), ლაურენსია, ფელისიანა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო", "ცეკვის მასწავლებელი"), ნატა ხარატელი, მუზა (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა", კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები") და სხვ. თ-ს ახასიათებდა სცენური მომხიბვლელობა, საშემსრულებლო კულტურა, მკაფიო, დახვეწილი სცენური მეტყველება. ერთნაირი სიძლიერით ასრულებდა როგორც კომედიურ, ისე დრამ. როლებს.