თეთრახევა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თიანეთის ქვაბულში, მდ. თეთრახევის (ქუსნოს მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1120 მ თიანეთიდან 2 კმ. 39 მცხ. (2014).თ. თიანეთს მიბმული დასახლებაა, ამიტომ მისი წარსული მჭიდრო კავშირშია საკუთრივ თიანეთისა და მისი მიმდებარე მხარის ისტორიასთან. თ. უძველესი დროიდანვე ადამიანის სამოსახლო იყო. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს მოლამურის ციხე, აქვეა ძვ. ნამოსახლარიც. ამ მინდორს სულხანას ქალის კვირიას სახელს ეძახიან. ვარაუდობენ რომ სოფელს ადრე მოლამურნი ერქვა და მოგვიანებით, XVII–XIX სს-ში, ბარის მოსახლეობის კლებისა და ქართვ. მთიელთა მიგრაციის შემდეგ სახელი გადაერქვა. იგი თავის ციხესიმაგრით აქტიურად იყო ჩართული თიანეთის მხარის თავდაცვით სისტემაში.სოფ. მოლამურის ძვ. დასახლება ადრე სვეტიცხოვლის მონასტრის საკუთრებად განიხილებოდა, რაც ალექსანდრე კახთა მეფემ 1579 კვლავაც განუახლა სვეტიცხოველს. მოგვიანებით, საგარეო ვითარების გაუარესებასა და სათავადოთა სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, ისევე როგორც თიანეთის მხარის სხვა ნაწილებზე, სოფელზე თავის უფლებები გაავრცელეს ჩოლოყაშვილებმა და ნაწილობრივ ალავერდის მონასტერმა. ადმინისტრაციულად იგი თიანეთის სამოურავოში შედიოდა.ერთდროულად თ-ზე (თიანეთთან ერთად) სამეფო კარიც აცხადებდა პრეტენზიებს, ცდილობდა ამ მიწების უშუალოდ სახასო საკუთრებად ქცევას. ამ მიზნით გვიანდ. შუა საუკუნეებში, სამხ.-ტერიტ. დაყოფის მიხედვით, სამეფო ხელისუფლებამ თიანეთის მხარე ალავერდელ ეპისკოპოსს კი არ დაუქვემდებარა, სადაც, როგორც წესი, ეპისკოპოსები ჩოლოყაშვილები იყვნენ, არამედ რუსთველ ეპისკოპოსს, რ-ის სადროშოზეც იყო მიწერილი აღნიშნული მხარე. ამით სამეფო კარი ასუსტებდა თავად ჩოლოყაშვილთა მოჭარბებულ ზეგავლენას თიანეთზე.XVII ს. ძნელბედობის გამო თ-ის (მოლამური) მოსახლეობაც შეთხელებულა, რაც ნიშნავს, რომ უკვე თვალსაჩინოა ქართვ. მთიელთა მიგრაციის პროცესი. ცნობილია რომ სოფლის მოსახლეობა სალოცავად ივრის შენაკად ხაშრულასთან მიმდებარე ნასოფლარ ბაჩალში ადიოდა, სადაც "გაბიდაურთ თემის ფშაველების-სახუთმეტო" ძელის ანგელოზისა და დედა ღვთისმშობლის სალოცავი ნიშებია. ამიტომ ვარაუდობენ, რომ თ-ში მოსახლ. ნაწილი სწორედ ამ მხრიდან არის გადმოსახლებული. სოფლის მოსახლეობა ძველთაგანვე ძირითადად მესაქონლეობასა და მემინდვრეობას მისდევდა. სოფლის სამხრ.-დას-ით, მდ. კავახევას მარჯვ. ნაპირზე, ადგილის დედის ხატია (XIX ს.), სოფლის დას-ით კი – წმ. გიორგის ხატი, რ-იც, სავარაუდოდ, გვიანდ. შუა საუკუნეებით თარიღდება.წყარო: ბედოშვილი გ., ერწო-თიანეთის ტოპონიმია, თბ., 1980; იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, თბ., 1986; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2008; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3 ("განწესება სარუსთველო დროშისა, 1722 წ."), თბ., 1970. კ. კახაძე.