თეთრი სამღვდელოება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, რ-ებიც, შავი სამღვდელოებისაგან განსხვავებით, ცოლიანები არიან. ღვთისმსახურებისათვის გამორჩეულ კანდიდატს ჯვარი ხელდასხმამდე, ანუ დიაკვნად კურთხევამდე, უნდა ჰქონდეს დაწერილი. თ. ს-ის წარმომადგენელს მეორედ ქორწინების უფლება არა აქვს. იერარქიის მიხედვით, თ. ს-ის წევრები არიან პროტოპრესვიტერი დეკანოზი და დიაკონი. დადგენილი წესით, ისინი მუქი, უპირატესად შავი კაბით ან ანაფორით იმოსებიან და წვერთან ერთად მოზრდილ თმასაც ატარებენ. თ. ს-ის ყველა წარმომადგენელი, გარდა დიაკვნისა, სამკერდე ჯვარს ატარებს. ამასთან დამსახურების მიხედვით მათ შეიძლება ენქერის, მიტრის ან გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებაც ჰქონდეთ მინიჭებული. თ. ს-ის წევრს, საერო პირთა მსგავსად, შეუძლია ჰქონდეს საკუთარი ქონება, მათ შორის მიწა და სახლი. თ. ს-ის ყველა წარმომადგენელი ვალდებულია იმ ეპარქიის ეპისკოპოსს დაემორჩილოს, რ-შიც მსახურობს და საეკლ. საქმეთა აღსრულებისას მისი კურთხევით იმოქმედოს. გ. კოპლატაძე.