თეთრი სოფელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნასოფლარი ისტორიულ ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შულავრისწყლის მარცხ. შენაკად ბინაძორის მარჯვ. სანაპიროზე. სომხ. მოსახლეობა მას "სპიტაკშენს" უწოდებს, რაც ქართ. სახელწოდების შესატყვისია.1632–58 ბირთველმა თუმანიშვილმა თ. ს-სა და შულავრის საცილობელი მამულის დავა ასე განაჩინა: რასაც თეთრი სოფლელები მოხნავდნენ, ქერის, ბამბის, ან ფეტვის ღალა იორამ ბატონიშვილისთვის უნდა გადაეცათ; სარწყავის გასაყოფად ერთი მერუე სოფლის მამასახლისს უნდა გამოეყვანა, ორი – შულავრისას.1695–1703 მეფე ერეკლე I-მა დურმიშხან ალიხანაშვილს უბოძა კულუხის სითარხნე შულავერელი ბოშაშვილისაგან ნასყიდ ვენახზე, რ-იც თ. ს-ის კუთვნილი მიწა იყო. 1628 ვახუშტი როჭიკაშვილს თათრები სთხოვდნენ მიწაზე დადებულ გადასახადს თ. ს-იდან.დასტურლამალის მიხედვით თ. ს-ის მალზე გადაკვეთილი იყო კაცის თავზე ნახევარშაური სახლთ-ხუცის სარგო და ასევე მდიდარი ბეგის სარგო. 1721 აღწერით იქ ითვლებოდა ერთი მებატონე და 10 გამომღები ყმა. 1784 ერთი საბუთიდან ჩანს, რომ ნადირ-შაჰის დროს მეფის სახასო თ. ს. ქაიხოსრო ციციშვილს "უშოვნია", მაგრამ შემდგომში ისევ "ხელი აუღია". 1802 სულხან თუმანოვი არზით არწმუნებდა დარეჯან დედოფალს, რომ თ. ს-ის მამულში გლახა როჭიკაშვილს წილი აღარ ეკუთვნოდა; მართალია ძვ. სიგელები ჰქონდა, მაგრამ მეფეებს მამულები მაინც ჩამოურთმევიათ და როჭიკაშვილთა რამდენიმე თაობას აქ აღარაფერი გააჩნდა.წყარო და ლიტ.: დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, I, ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1940; ლორთქიფანიძე იას., ქვემო ქართლი I–II, თბ., 1936; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965; ტ. 4–5, თბ., 1972–74; ტ. 8, თბ., 1985. დ. ბერძენიშვილი.