თეთრი წყაროს ნასოფლარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენეოლითის ბოლოსა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ. წ. IV ათასწლ. II ნახ.) ნამოსახლარი ქ. თეთრი წყაროდან 7 კმ-ზე. გაითხარა 1956–58 (ხელმძღვ. გ. გობეჯიშვილი). შემორჩენილია ქვის მრგვალი და ოთხკუთხა საცხოვრებელი შენობების საძირკვლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა (ქვის იარაღის სახელოსნო, ფარეხი) ნაშთები. არქეოლ. მასალის უმეტესობა კერამიკაა. ნასახლარზე დადგენილი 2 არქეოლ. ჰორიზონტის მიხედვით წარმოდგენილია სამეთუნეო საქმის განვითარების ორი ერთმანეთზე გადაბმული საფეხური. ქვედა ჰორიზონტის კერამიკა მონაცრისფრო-ვარდისფერია, შემკულია ამოკაწრული სახეებით. ზედა ფენაში ჭარბობს რელიეფური სპირალებით შემკული შავპრიალა და წაბლისფერი ჭურჭელი. ქვის იარაღებიდან გვხვდება: კაჟის, რქეულას და ობსიდიანის დაკბილული ნამგლის ჩასართები, სატეხები, ისრისპირები, ფირფიტები, ანატკეცები, ანდეზიტ-ბაზალტის სანაყები, როდინები, ხელსაფქვავები და სხვ.თ. წ. ნ-ის მასალის უმთავრესი ნაწილი მსგავსია მტკვარ-არაქსის კულტ. საწყისი საფეხურის ძეგლებისა (დიდუბე, კიკეთი, ოზნი, ბეშთაშენი, სამშვილდე, კოდა, თამარისი და სხვ.).ლიტ.: გობეჯიშვილი გ., თეთრი წყაროს ნასოფლარი, თბ., 1978.გ. ფხაკაძე.