თეთრი წყლების სამაროვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულის – I ათასწლეულის დასაწყისის არქეოლ. ძეგლი. მდებარეობს სოფ. თეთრ წყლებთან გომბორის უღელტეხილთან, თბილისი–თელავის სამანქანო გზაზე (თელავის მუნიციპალიტეტი). არქეოლ. შესწავლა მიმდინარეობდა 1966, 1972, 1974 (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური), გამოვლენილია ოთხკუთხა ორმოსამარხები (160 სმ ×100 სმ; 140 სმ ×100 სმ; 100სმ ×70 სმ). დამხრობა დას-იდან აღმ-კენ, მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ მარჯვენა (მამაკაცები) ან მარცხ. (ქალები) გვერდზე ძლიერ მოხრილი კიდურებით, თავით დას-კენ. გვხვდება სამარხები მიცვალებულების გარეშეც – კენოტაფიები. მათ ჩატანებული ჰქონდათ დოქები, კათხები, ლანგრები, ჯამები, დერგები, ქოთნები, ქვაბქოთნები. თიხის ნაწარმის გარდა სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს მახვილები, ჯაჭვი, სამაჯურები, საკინძი, ნემს-მახათები, რკინის შუბის პირისა და დანის ნატეხები, ძვლის ნემს-მახათები და სხვ.მასალა ინახება თელავის ისტ. მუზეუმში.ლიტ.: მაისურაძე ბ., არქეოლოგიური გათხრები თეთრწყლებში, «კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები», IV, თბ., 1973; მისივე, იორ-ალაზნის ზემო დინების გვიანბრინჯაოს ძეგლები, თბ., 1993; ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII სს.), თბ., 1973. ც. მენაბდე.