თეთრუაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასილ გაბრიელის ძე (8. IV. 1872, თბილ. გუბერნია, – 7. V. 1915), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1915). 1891 დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი, 1893 – პავლეს I სამხ. სასწავლებელი (I თანრიგით) და 1901 – ნიკოლოზის გენ. შტაბის აკადემია (II თანრიგით). მსახურობდა 155-ე ყუბის ქვეით პოლკში, მე-16 გრენადერთა პოლკში. 1907–09 მიავლინეს ერევნის დროებითი გენ.-გუბერნატორის განკარგულებაში, სადაც ასრულებდა სამოქალაქო კანცელარიის მმართველისა და ერევნის გუბერნიის დაცვის ჯარების შტაბის უფროსის მოვალეობას.პირველი მსოფლიო (1914–18) ომის დაწყებისთანავე 1914–15 დროებით ასრულებდა დაღესტნის 82-ე ქვეითი პოლკის უფროსის მოვალეობას, მონაწილეობდა ავსტრიელთა და გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1915 დაინიშნა ლორეს 208-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. დაიღუპა ბრძოლის ველზე. დაკრძალულია ხოლმის გუბერნიის სოფ. ტომაშევოში (უკრაინა), სამხ. სასაფლაოზე. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წმ. გიორგის, წმ. სტანისლავის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.ლიტ.: Военный Орден Святого Великомученика и Победоносца Георгия, М.,
2004. მ. გოგიტიძე.თეთრუაშვილი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (16. VIII. 1864 – 1920), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916). 1886 დაამთავრა თბილ. რეალური სასწავლებელი, 1889 – მიხეილის საარტ. სასწავლებელი და 1899 – ნიკოლოზის გენ. შტაბის აკადემია (I თანრიგით). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904–05) და პირველ მსოფლიო (1914–18) ომებში. 1919 დაინიშნა გენ. ა. დენიკინის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი ურალის ცალკეული არმიის ურალ-ასტრახანის კორპუსის მეთაურად. მონაწილეობდა ურალის არმიის უკუქცევაში კასპიის სანაპიროს გასწვრივ.1920 აპრილში ფორტ ალექსანდროვსკში ტყვედ ჩაბარდა წითელ არმიას სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიით, თუმცა მალევე დახვრიტეს.დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წმ. სტანისლავის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.ლიტ.: Волков С., Генералитет Российской империи от Петра I до Николая II, т. 2, М., 2009; Гогитидзе М., Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, Тб.,
2007. მ. გოგიტიძე.