თეიმურაზისეული ქართლის ცხოვრება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

"ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნუსხა. გადაწერილია კახეთში XVIII ს. I მეოთხედში მოსქო, ჭვირნიშნებიან თეთრ ქაღალდზე ლამაზი ნუსხურით. მოიცავს 346 ფურცელს, ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის ყდაში. 1724 ხელნაწერი იმერეთში მოხვდა და XIX ს. დამდეგამდე იქ იყო. რამდენიმე პატრონი გამოიცვალა, საბოლოოდ კი თეიმურაზ ბატონიშვილის საკუთრება გახდა (ამიტომ ეწოდა პირობით თეიმურაზისეული ნუსხა). ამჟამად დაცულია რფ მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის სანქტ-პეტერბურგის განყ-ბაში. ხელნაწერის თავსა და ბოლოში, აგრეთვე არშიებზე მხედრული დამწერლობის მინაწერია. მათგან რამდენიმე ეკუთვნის ნიკოლოზ რუსთველს (ჩერქეზიშვილს). გამოთქმულია ვარაუდი, რომ შეიძლება სწორედ ის ყოფილიყო თ. "ქ. ც-ის" შემკვეთ-რედაქტორი (კ. გრიგოლია). XIX ს. 20-იან წლებში ხელნაწერის ნაკლული ადგილები რუმიანცევისეული ნუსხის მიხედვით შეუვსია ცნობილ ქართვ. მწიგნობარსა და ასოთამწყობს გ. პაიჭაძეს.თ. "ქ. ც." იწყება სწავლულ კაცთა ცნობილი წინასიტყვაობით ("პატიოსანნო და დიდებულნო ქართველნო..."), რასაც მოსდევს ვახტანგისეული "ქართლის ცხოვრების" ყველა თხზ. თანმიმდევრობით – ლეონტი მროველიდან ჟამთააღმწერლის ჩათვლით – ვახტანგისეული ტექსტის რედაქტირებისათვის დამახასიათებელი ნიშნებით (მეფეთა ზეობის მიხედვით დასათაურება, სუმბატის ქრონიკის დაშლილად შეტანა, თამარის ისტორიკოსთა თხზულებების გაერთიანება, ვრცელი ჩანართები, ქრონოლ. მონაცემების დამატება) მხოლოდ თავიდან მოკიდებული, ვიდრე თამარის ცხოვრების ნახევრამდე. აქედან გიორგი V-ის გამეფებამდე, ვახტანგისეული რედაქციის კვალი იშვიათია. თამარის პირველი ისტორიკოსის "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" (მეორე ნახევარი) და ჟამთააღმწერელის "ასწლოვანი მატიანე" ძვ. რედაქციით არის წარმოდგენილი. ამავე დროს თ. "ქ. ც-ში" დამატებით არის შეტანილი ისეთი ჩანართები საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან, რ-ებიც არ გვხვდება სხვა ნუსხებში.თ. "ქ. ც-ს" დიდი მნიშვნელობა აქვს კრებულის ტექსტის დადგენისა და მისი ისტ. შესწავლისათვის. გამოცემული არ არის. რუმიანცევისეულ და ფალავანდიშვილისეულ ნუსხებთან ერთად საფუძვლად დაედო "ქართლის ცხოვრების" ბროსესეულ გამოცემას (1849), გამოყენებულია აგრეთვე ე. თაყაიშვილისა (1906) და ს. ყაუხჩიშვილის გამოცემებში (1955, 1959).ლიტ.: გრიგოლია კ., ახალი ქართლის ცხოვრება, თბ., 1954; ენუქიძე თ., "ქართლის ცხოვრების" თეიმურაზისეული ნუსხის რამდენიმე ადგილის შევსების თარიღისა და შემვსების ვინაობის საკითხისათვის, «ქართული წყაროთმცოდნეობა», VI, თბ., 1985; კაკაბაძე ს., "ქართლის ცხოვრების" თეიმურაზისეული ნუსხის შესახებ. – ბიზანტინოლოგიური კრებული, თბ., 1978; Орбелиани Р. Р., Грузинские рукописи Института востоковедения АН СССР, т. I, М.–Л., 1956; Такайшвили Е. С., Описание рукописей "Общества распространения грамотности среди грузинского населения", т. I, в. 1–4, Тфл., 1906–12. რ. კიკნაძე.