თელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Ulmus), მერქნიან მცენარეთა გვარი თელისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ მარადმწვანე (ტროპიკებსა და სუბტროპიკებში) ხეებია, იშვიათად ბუჩქები. 50-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში, ნაწილობრივ – სუბტროპიკებისა და ტროპიკების მთებში. საქართველოში ბუნებრივად თ-ის 5 სახეობა იზრდება, მათგან ერთი – ქართული თ. (U. georgica) საქართვ. ვიწროლოკალური ენდემია; იზრდება შირაქის ხევებში, მეტად მშრალ და მეჩხერ ტყეში (არფადარის ხევხმელზე სულ 30-მდე ხეა). საქართვ. ფოთლოვან ტყეებში შერეულია თელადუმა (თელამუში – U. elliptica), რ-იც აღწევს სუბალპ. სარტყელს, და თელა "კარაღაჯი" (U. minor, U. foliacea), რ-იც გავრცელებულია მთის ტყეების შუა სარტყლამდე. თ-ის მცირე კორომებიც კი ძალზე იშვიათია. სიმაღლე 30–40 მ აღწევს. აქვს კონებად შეკრებილი წვრილი მოკლეყუნწიანი ყვავილები. ყვავილობს ადრე გაზაფხულზე, ნაყოფის მომწიფებისა და ჩამოცვენის შემდეგ გამოაქვს ფოთლის კვირტები. თ. ყინვაგამძლე და ჩრდილის ამტანია. ეტანება ნოყიერ და ტენიან ნიადაგს, თუმცა ბევრი გვალვასა და სუსტად დამლაშებულ ნიადაგსაც ეგუება. ცოცხლობს 200–400 წელს. მრავლდება თესლით, მყნობითა და ფესვის ნაბარტყით. უხვად იძლევა ძირკვის ამონაყარს, აქვს ღრმა და მძლავრი გვერდითი ფესვები და ქარი ვერ აქცევს. იყენებენ ბაღ-პარკებისა და მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად, ქუჩებისა და გზების გასამწვანებლად. თ. უძველესი კულტურაა. ცნობილია მისი მრავალი საბაღე ფორმა. კარგად იტანს გაკაფვას. მისი გამძლე და მაგარი, ძნელად საპობი მერქანი ძვირფასი საავეჯე მასალაა (განსაკუთრებით ლამაზი ნუჟრების გამო). ჩვენი თ-ების მასობრივი შეხმობა "ჰოლანდიური დაავადების" შედეგია, რ-იც გამოწვეულია სოკოთი (Graphium ulmi). ჩვენში გავრცელებული ყველა 5 სახეობა შეტანილია "საქართველოს წითელ წიგნში".მ. სახოკია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თელა&oldid=11398-დან“