თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ. ჩუბინაშვილის სახელობისა, დაარსდა 1927 როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი დამაარსებლები იყვნენ: გ. მელითაური, კ. გეგელიძე და დ. ჩხეიძე (თურდოსპირელი). მუზეუმი განთავსდა XIX ს. ხაზინის შენობაში და 8 წლის განმავლობაში საზ. საწყისებზე მუშაობდა. 1935 მუზეუმმა გაიარა სახელმწ. რეგისტრაცია, 1943 ეწოდა თელავის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმი, ხოლო 1985 – თ. ს. ი.-ე. მ. და მიენიჭა გ. ჩუბინაშვილის სახელი (2008-იდან მუზეუმის იურიდ. სტატუსი: სსიპ; ექვემდებარება საქართვ. კულტ. და ძეგლთა დაცვის სამინისტროს).მუზეუმი განთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფ. სასახლის რამდენიმე დარბაზში. სამუზეუმო კომპლექსში "ბატონის ციხის" სახელწოდებით შედის "კახთ მეფეთა სასახლე" (აგებულია 1884–86 წწ.), მეფის კარის ეკლესიები (X–XVIII სს.), ერეკლეს მიერ XVIII ს. 50-იან წლებში დაარსებული ფილოს. საღვთისმეტყველო სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო (XVII ს.) და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი საიდუმლო გვირაბი (XVIII ს.), აღმ. და დას. მხარის უნიკალური კარიბჭეები, აგრეთვე ყოფ. წმინდა ნინოს სახ. სასწავლებლის, ქ. იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეისა (XIX ს.) და ადმ. კორპუსები. მუზეუმის შენობას მინიჭებული აქვს კულტ. მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მუზეუმში ფუნქციონირებს 9 განყ-ბა: ძვ. ისტორიის, უახლესი ისტორიის, ეთნოგრაფიის, აღრიცხვა-დაცვის, სამეცნ.-მეთოდური, საექსკურსიო-საგანმან., მეფე ერეკლე II-ის სასახლე-მემორიალი, საექსპოზიციო განყ-ბა, ქ. იაშვილის სახ. თელავის სურათების გალერეა, სამეცნ. ბ-კა, სადაც ინახება მრავალი უნიკალური წიგნი და ძვ. პერიოდიკა (5000-ზე მეტი წიგნადი ფონდით). მუზეუმის ფართობია 2927 კვ.მ. აქედან მუდმივი ექსპოზიციის – 1836 კვ. მ საცავების – 460 კვ. მ. ფონდში 67 367 ექსპონატია.მუზეუმში მეფე ერეკლე II-ისა და ბაგრატოვანთა სამეფო გვარის წარმომადგენელთა მემორიალურ ნივთებთან ერთად დაცულია ნუმიზმატიკის, ადრეფეოდ. და გვიანდ. შუა საუკუნეების არქეოლ. მასალა, XVII–XIX სს. სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, სამოსელის, ხალიჩებისა და ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები, მათ შორის: XIX ს. ჰოლანდიური, ფრანგ., გერმ., რუს. (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და "პერედვიჟნიკების" პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართვ. მხატვართა (ე. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.ფონდის არქეოლ. მასალა ასახავს საზ. განვითარების ყველა საფეხურს – კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის პირველი ნაკვალევიდან გვიანფეოდ. ხანის ჩათვლით. მასალა (საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვადასხვა იარაღი) მოპოვებულია იყალთოში, გურჯაანში, თელავში ზულუმბოს გორაზე, ვანთაში და სხვა ადგილებზე წარმოებული არქეოლ. გათხრებით. მუზეუმშია კახეთის მნიშვნელოვანი ძეგლების ფოტოსურათები, ძვ. რუკები, ნახაზები; ადრეფეოდ. ხანის სარკოფაგი, ქვის ფრაგმენტი რელიეფით იყალთოს წმ. სტეფანეს ეკლესიიდან (X–XI სს.), კრამიტები ასომთავრული წარწერებით, კანკელის ფილა, იყალთოს ფერისცვალების კანკელის სვეტი დავითგარეჯიდან (VII ს.), ქტიტორთა პორტრეტები იყალთოდან (VI ს.), ალავერდის ტაძრის კანკელის სვეტი (XII ს.), კუნტუხის ტაძრის (შუამთისა და თეთრწყლებს შორის მდებარე) ბალავრის ქვა ქართ. ასომთავრული წარწერით (X–XIII სს.), კახთა მეფის ალექსანდრე II-ის განძი სოფ. მაღრაანიდან; ძვ. ქართ. ხელნაწერები: "ჟამნი", "სადღესასწაულო გასაკეთებელი", ვახტანგ VI-ისა და მეფე ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები – "სახარება" (1709), "კონდაკი" (1709), "საქმე მოციქულთა" (1709), "პარაკლიტონი" (1786), "სახარება" (1786), "მცირე ზატიკი" (1788), "მარხვანი" (1793); ხატები: "ღვთისმშობელი ყრმით", "ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი", "წმინდა გიორგი", "იოანე ნათლისმცემელი"; ასევე საერო, საეკლ. და საოჯახო ნივთები; ნუმიზმატიკური კოლექციები: ქართ. (თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, დედოფალ რუსუდანის, ლაშა-გიორგისა და ერეკლე II-ის დროს მოჭრილი) მონეტები, არაბ., მონღოლური და რუს. ფული; ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს უნიკალური ნივთები; ოქრომკედით ნაქარგი შავი ხავერდის ქულაჯა, რ-იც საჩუქრად გადმოსცა მუზეუმს ბაგრატიონთა შთამომავალმა, აშშ-ში მცხოვრებმა ქ. ნაკაშიძემ (მისი დიდი ბებია იყო ერეკლე II-ის ქალიშვილი ქეთევანი), მეფე ერეკლე II-ის ხმალი წარწერით: "მეფემან ერეკლე დადიანს უძღვნი" (1770); ბარძიმი, ირგვლივ ძვირფასად შემკული სლავური წარწერით (1794), ერეკლე II-ის საგვარეულო თასი, მისივე ნაქონი ფაიფურის თეფში, კედლის საათი (რომაული ციფრებით, ციფერბლატზე ყვავილოვანი ორნამენტებით), ერეკლე II-ის ახლობლების პორტრეტები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი მასალა; ქართ. ტანსაცმელი – თავადის, გლეხის, ქალაქური, თუშური და ხევსურული; სხვადასხვა სახის ხელსაქმის ნიმუშები: ნაქარგები, ნოხები, ფარდაგები, თავად გ. ანდრონიკაშვილის ოჯახიდან ჩუქურთმიანი კარები, ჩუქურთმიანი კარადა და კომოდი; ყურძნის მტევნებით შემკული სპილენძის თასი თავად ყორჩიბაშვილის ოჯახიდან; ქართ. აკვანი, კიდობანი, კერამ. ნაწარმი, თიხის დოქები, ხის ხონჩები და სხვადასხვა საოჯახო ნივთი და სხვ. მუზეუმის ფოტოფონდი წარმოდგენილია ქ. თელავის შესანიშნავი ხედებით, ყოფა-ცხოვრების ამსახველი 7000-ზე მეტი ფოტომასალით (ა. როინაშვილი ვ. როინაშვილი დ. ერმაკოვი, ვ. ბარკანოვი, ბარკალაია, სოსნოვი, ტორი, სიმონოვი და სხვ. ფოტოხელოვანთა ნამუშევრები).მუზეუმში გაშლილია სამეცნ.-საგანმან. საქმიანობა, ტარდება სამეცნ. კონფერენციები, საძიებო-სააღრიცხვო, სამეცნ.-მეთოდური მუშაობა. 1987-იდან მუზეუმს დაევალა კახეთის რეგიონის მუზეუმების სამეცნ.-მეთოდური ხელმძღვანელობა. გ. ბატიაშვილი. თ. მახათელაშვილი.