თელავის სემინარია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სასწავლებელი. 1782 თელავის საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა გადაკეთდა თ. ს-დ. პირველ რექტორად ერეკლე II-მ დანიშნა გაიოზი (იხ. გაიოზ რექტორი), რ-იც მხოლოდ 1782–83 ხელმძღვანელობდა სემინარიას, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობის ჩატარება მოასწრო. მისი პედ. შეხედულებანი ნათლად გამოიკვეთა სემინარიის დაარსებისადმი მიძღვნილ ზეიმზე წარმოთქმული სიტყვით: "აწ თქვენდამი მივაქცევ ყოველსა სიტყვასა ჩემსა, საყვარელნო შვილნო ჩემნო, რათა განმშვენდეთ ყოვლად ძვირფასითა ამით სიბრძნისა სწავლულებითა, დანერგეთ ესე გონებასა და გულსა შინა თქვენსა, დაიცევით საუნჯე ესე დიდფასი, იღვაწეთ სვლად ყოვლადდიდებულსა ამას გზასა ზედა, განაშენეთ ადგილი ესე საღმრთო წმიდითა ქცევითა თქვენითა, თანამოღვაწე ექმენით ყოვლად დიდებულსა ამას გზასა – ჰაზრსა ხელმწიფისა ჩვენისასა, ჰყავთ თავი თქვენი სიბრძნისა შემკულებითა ნუგეშად მამობრივისა გულისა მისისა". 1783 გაიოზ რექტორმა დატოვა თელავი. იგი შეცვალა დ. ალექსი-მესხიშვილმა, დავით რექტორად წოდებულმა. მისი მოსვლის დღიდან სემინარიაში უფრო ფართოდ გაიშალა საგანმან. მუშაობა; იგი თვითონ ასწავლიდა გრამატიკას, თეორ. ფიზიკას, ეთიკას. იოანე ბატონიშვილის სიტყვებით: "დავითმა ასწავლა სკოლასა შინა თელავს მრავალთა მოწაფეთა საფილოსოფოსო სწავლანი" (უმეტესწილად ეს იყო საერო ხასიათის დისციპლინები). სემინარიაში ასწავლიდნენ: გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, კატეგორიას, მეტაფიზიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, საღვთო სჯულს, საეკლ. ისტორიას, ქართ. ენას, არითმეტიკას, სამოქალაქო ისტორიას და სხვ. სემინარიაში დანერგილი იყო მოსკოვის სასწ. აკადემიების სქოლასტიკა, სახელმძღვანელოთა უმრავლესობა თარგმნილი იყო რუსულიდან, ამიტომ მათში ქართ. ენის ლექსიკასა და სინტაქსს ეტყობოდა რუსიციზმის გავლენა. სწავლება უმეტესად გავრცელებული იყო "კითხვა-მიგების" მეთოდით. დავით რექტორმა სემინარიაში დააარსა ლიტ.-შემოქმედებითი წრე, სადაც იმართებოდა პაექრობა-დისპუტები; დასწრება თავისუფალი იყო, შედეგად დამსწრე საზოგადოებაშიც იღვიძებდა ინტერესი განათლებისა და მეცნიერებისადმი. წრეში გაერთიანებული იყო 14 სემინარისტი: მ. ანდრონიკაშვილი ე. ქობულაშვილი დ. მიქელაძე, ი. გარეჯელი და სხვ. მეფე ერეკლე ყურადღებას არ აკლებდა სემინარიას. ხშირად ეწვეოდა ამ სასწავლებელს და წახალისების მიზნით აჯილდოებდა წარჩინებულ მოსწავლეებს. სემინარიაში აღიზარდა მრავალი გამოჩენილი საერო თუ სას. მოღვაწე. თ. ს-მ XIX ს. დამდეგამდე იარსება.