თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

VIII–IX სს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის ძეგლი. მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფ. ქსოვრისის აღმ-ით 2–3 კმ-ზე, ძვ. ნასოფლარზე. გეგმა თავისებურია – წარმოადგენს ტრიკონქს, რ-შიც განივი მკლავები ბევრად უფრო ვიწროა და დაბალი, ვიდრე საკურთხეველი და დას. მკლავი. ამის გამო, მკაფიოდ ვლინდება სიგრძივი ღერძი – აღმ-იდან დას-ით წაგრძელებული ერთიანი სივრცე. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილებისა და დეკორატიული მორთულობისათვის გამოყენებულია კირქვის ან შირიმის თლილი კვადრები. გუმბათი მთლიანად თლილი ქვითაა ამოყვანილი. შესასვლელი სამია – სამივე დას-ის სწორკუთხა მკლავიდან. საკურთხევლის დაბალი შვერილი აფსიდის ორივე მხარეს კედლების სიბრტყეში მოქცეულია თითო აფსიდიანი სათავსები – სამკვეთლო და სადიაკვნო. მკლავების გადაკვეთით მიღებული ცენტრ. სივრცის სწორკუთხედიდან მრგვალი გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება ტრომპების მეშვეობით. ფასადებზე კარის ზღუდარებსა და სარკმლის სათაურებს მორთულობა ამშვენებს. რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რ-შიც გაჭრილია 4 სარკმელი, დეკორატიული თაღებითაა შემკული. ეკლესია შიგნით და გარედან შელესილი იყო. ინტერიერში შემორჩენილია IX–X სს. მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. XVIII ს-ში ძეგლი საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ამავე პერიოდისაა დას-იდან მიშენებული სამრეკლო. 1952–54 ძეგლის რესტავრაციის შედეგად (არქიტ. ვ. ცინცაძე) გაწმინდეს, გაამაგრეს, აღადგინეს კედლებისა და გუმბათის ყელის დანგრეული ნაწილები, გადახურეს ახ. სახურავით და ძვ. გეგმის მიხედვით შემოავლეს ახ. გალავანი. 2007 ძეგლს კვლავ ჩაუტარდა რესტავრაცია. ლიტ.: ცინცაძე ვ., თელოვანის ჯვარპატიოსანი (VIII–IX სს. ძეგლი), «ქართული ხელოვნება» ტ. 5, თბ., 1959.