თეოდიცეა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ფრანგ. théodicée - ბერძნ. theos ღმერთი და dikē – სამართლიანობა), ღმერთის (მისი ყოვლისშემძლეობის, სიბრძნისა და სიკეთის) გამართლება თავისსავე შექმნილ სამყაროში არსებული ბოროტების მიუხედავად. ცნება თ. შემოიტანა გ. ვ. ლაიბნიცმა და გარკვეული პერიოდი ღმერთის შესახებ თეოლ.-ფილოს. მოძღვრების აღსანიშნად გამოიყენებოდა. თ-ის მთავარი პრობლემა შემდეგი სახით შეიძლება გადმოიცეს: როგორ შეიძლება ღმერთის ყოვლისშემძლეობა, სიბრძნე და სიკეთე თანხმობაში იყოს სამყაროში არსებული ბოროტების გამოვლინებებთან (ავადმყოფობა, სიკვდილი, ომი და ა.შ.)? ანტიკურობიდან მოყოლებული, ამ საკითხის შესახებ უამრავი მოსაზრება (ეპიკურე, ლაკტანცი და სხვ.) გამოითქვა. განსაკუთრებით საინტერესო ის თვალსაზრისია, რ-იც ლაიბნიცსა და ჰეგელს მიეწერება. ლაიბნიცის მიხედვით, ბოროტება სამყაროს დამახასიათებელი იმანენტური მომენტია. მართალია, ღმერთს სიკეთე სურს, მაგრამ ადამიანური თავისუფლების უზრუნველყოფის გამო იგი სამყაროში ბოროტების არსებობასაც უშვებს. მისი აზრით, ჩვენი სამყარო არის "ყველა შესაძლო სამყაროთაგან საუკეთესო", რადგან მასში სწორედ თავისუფლების შესაძლებლობაა გარანტირებული. რადგან ადამიანური თავისუფლება არსებობს, არსებობს ბოროტებაც, როგორც კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანის შესაძლებლობა. ჰეგელისთვისაც "თეოდიცეა" წარმოადგენს "ღმერთის გამართლებას ისტორიაში".ქართ. სააზროვნო სივრცეში თ-ის პრობლემის შესახებ, უწინარეს ყოვლისა, ის მოაზროვნეები მსჯელობდნენ, რ-ებიც ლაიბნიცისა და მისი მიმდევრების მოძღვრებას იცნობდნენ. აქ, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ა. ბაგრატიონისა და ი. ხელაშვილის ფილოს. და თეოლ. ნაშრომები. შ. ნუცუბიძე თავისი ალეთეოლოგიური მოძღვრების კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თ-ის პრობლემა ყოველი ტიპის ფილოსოფიისთვის დამახასიათებელი ძნელი და უხერხული პრობლემაა, რ-ის გადაჭრასაც ყველა დიდი ფილოსოფოსი (პლატონი, არისტოტელე, ლაიბნიცი, ჰეგელი და სხვ.) ცდილობდა. მისი აზრით, აქ მთავარი ის არის, რომ სამყაროს ნაკლოვანება, დროითი ხასიათი და ცვალებადობა ნათელი და გასაგები უნდა გახდეს. ამასთანავე ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ღმერთის არსებობის საკითხს საფრთხე არ შეექმნას. XX–XXI სს. ქართ. ფილოსოფიაში თ-ის პრობლემას (უმეტესწილად, ლაიბნიცზე, კანტსა და ჰეგელზე დაყრდნობით) განიხილავდნენ მ. გოგიბერიძე კ. ბაქრაძე ს. წერეთელი გ. თევზაძე მ. ბიჭაშვილი და სხვ. გ. თევზაძემ "ახალი ფილოსოფიის ისტორიაში" (2009) თ-ის პრობლემის ლაიბნიცისეული გაგება ფილოს. ისტორიის მთლიან კონტექსტში გაიაზრა და ნათლად აჩვენა, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა საკაცობრიო აზროვნების თითქმის ყველა ეტაპზე.ლიტ.: ბაქრაძე კ., რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 6, თბ., 1972; ბიჭაშვილი მ. ლაიბნიცის მეტაფიზიკა და ენის ფილოსოფია, თბ., 2005; გოგიბერიძე მ., ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1941; თევზაძე გ., ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწ. 1. განმანათლებლობა (ფრენსის ბეკონიდან იმანუელ კანტამდე), თბ., 2009; ირემაძე თ., ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე, თბ., 2013; ნუცუბიძე შ., შრომები, ტ. 2, თბ., 1979; წერეთელი ს., ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. 2, თბ., 1986. თ. ირემაძე.