თეოდოსი განგრელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

VII ს. იერუსალიმში მოღვაწე მონაზონი. წარმოშობით პაფლაგონიის ქ. განგრიდან. აქტიურ მხარდაჭერას უწევდა ბიზანტ. საიმპერატორო კარის მიერ დევნილ მონოთელიტებისა და მონოფიზიტების წინააღმდეგ მებრძოლ საეკლ. პირებს. მან გამოაქვეყნა ანასტასი აპოკრისიარის მისდამი მიწერილი წერილი, რ-იც აღწერდა მაქსიმე აღმსარებლის, თვით ანასტასი აპოკრისიარისა და ანასტასი მონაზვნის ბიზანტიონიდან გაძევებისა და ლაზეთში გადასახლების (662) ამბავს. თ. გ-მა ანასტასის წერილს დაურთო აგრეთვე 668/669 დაწერილი საკუთარი მოგონება მაქსიმეს შესახებ. თხზულებაში ლაზიკასთან დაკავშირებით დაცული ცნობები დიდი სანდოობით გამოირჩევა, ვინაიდან ავტორის თანადროულ მოვლენებს ეხება და თვითმხილველის წერილს ემყარება. თ. გ-ის ცნობით, VII ს. II ნახევარში აფშილეთი ისევე როგორც მისიმიანეთი, ეგრისის პროვინციაა და ეგრისის ხელისუფალი უშუალოდ ფლობს აფშილეთის, მისიმიანეთის სვანეთისა და ლეჩხუმის ტერიტორიას. თვით ლაზიკის (ეგრისის) პატრიკიოსისა და მაგისტროსის გრიგოლის რეზიდენცია – "პირველი სახლი" – სწორედ აფშილეთის ტერიტორიაზე, სოფ. ჯიხასორაში, მოქვის მახლობლად, მდებარეობდა. ნაშრომში მოხსენიებულია აგრეთვე, ეგრისის გეოგრ. პუნქტების სახელები: სკოტორი, მუკორისი, სვანეთის ციხე, ბუკოლუსი, თაკვირია, ფუსტა, თუსუმე, სხემარი. ანასტასი აპოკრისიარის წერილის ნაწყვეტები დაცულია ექვთიმე მთაწმიდელისეულ თარგმანში ("ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა მაქსიმე აღმსარებლისა").წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 1, თბ., 1941.ლიტ.: ლეთოდიანი დ., აფხაზეთის, აფშილეთის და სანიგეთის პოლიტიკური დამოკიდებულება ეგრისთან (ლაზიკასთან) IV–VIII საუკუნეებში, თბ., 1991; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, თბ., 1977.ნ. მიწიშვილი.