თეოლოგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. theos – ღმერთი და logos – სიტყვა, მოძღვრება), მოძღვრება ღმერთის შესახებ. ქართულად თ. ითარგმნება როგორც ღვთისმეტყველება.ტერმინი თ. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში გვხვდება და აღნიშნავდა "ღმერთის შესახებ საუბარს", ღმერთთა ისტორიების მოყოლას, თხრობას. თ-ის ამგვარი გაგების უძველესი ნიმუშები გვხვდება პლატონის "სახელმწიფოში", რ-შიც ავტორი თ-ის ასეთ გააზრებას ჭეშმარიტების საკითხს უკავშირებს და სვამს კითხვას ერთის, კეთილის და უცვლელის ჭეშმარიტების შესახებ. თ-ის ცნების გარდაქმნა ხდება არისტოტელესთან რ-იც მას ღვთაებრივზე ორიენტირებულ თეორ. მეცნ. მწვერვალად მიიჩნევს. ეს ღვთაებრივი კი წარმოადგენს ყოფიერების პირველად პრინციპს. მაშასადამე, არისტოტელესთან მოხდა თ-ის ტრანსფორმირება: ის მითოლოგიურიდან მეტაფიზიკურ ცნებად გარდაიქმნა. ქრისტიანობაში თ-ის ცნება II ს-იდან იკიდებს ფეხს. ევსებიუს კესარიელთან თ. აღნიშნავს "ღმერთის ქრისტიანულ გაგებას". პატრისტიკაში იგი ქრისტიანობის მთელ შინაარსს კი არ მოიცავდა, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მის იმ ასპექტს, რ-იც პირდაპირ ღმერთს ეხება. გრიგოლ ნაზიანზელს იმიტომაც ეწოდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ მისი მოძღვრების მთავარ თემას ღმერთი წარმოადგენდა. XIII ს-ში ცნება თ. განსაკუთრებით მკვიდრად იკიდებს ფეხს. მისი, როგორც მეცნიერების, განვითარების უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენდა ქრისტ. სქოლასტიკა (ანსელმ კენტერბერიელი, პიერ აბელიარი, პეტრე ლომბარდიელი, ალბერტ დიდი, ბონავენტურა, თომა აკვინელი და სხვ.). სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა, ჩამოყალიბდა და განვითარდა თ-ის არაერთი მიმართულება, დარგი და ქვედარგი. დღეს თ-ის, როგორც მეცნ. დისციპლინის, შემდეგ მიმართულებებს განასხვავებენ ერთმანეთისაგან: ისტ. თ. (ბიბლიის განმარტება, ეკლესიის ისტორია, დოგმების ისტორია და თ-ის ისტორია), სისტემ. თ. (დოგმატიკა, აპოლოგეტიკა, ეთიკა) და პრაქტ. თ. (ჰომილეტიკა, ლიტურგიკა, კატეხიზმო და სულზე ზრუნვა). ასევე ერთმანეთისგან განსხვავდება "გამოცხადებითი თეოლოგია" და "ბუნებითი თეოლოგია". გამოცხადებითი თ-ის შესწავლის საგანია რწმენის ჭეშმარიტებანი, რამდენადაც ისინი ღვთის სიტყვასა და ქმედებას, მაშასადამე, მის გამოცხადებას ეფუძნება. ბუნებითი თ-ის კვლევა-ძიების საგანს კი შეადგენს რწმენის ჭეშმარიტებანი, რ-ებიც ადამიანის "ბუნებითი გონების" მიერ განისაზღვრება და შესაძლებელია მისი შემეცნება.საქართველოში თეოლ. პრობლემატიკის კვლევა განსაკუთრებით ნაყოფიერად წარიმართა შუა საუკუნეებში. ამას, უწინარეს ყოვლისა, ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი თეოლ. ლიტ-რის ძველბერძნული ენიდან ქართ. ენაზე თარგმნამ. ძვ. ქართ. კულტურის წამყვან კერებში (ათონის მთა, გელათისა და იყალთოს აკადემიები და ა. შ.) ინტენსიურად ითარგმნებოდა ქრისტ. თ-ის ფუძემდებლური ტექსტები (ეგზეგეტიკა, დოგმატიკა, ლიტურგიკა, ჰომილეტიკა, ჰიმნოგრაფია, ჰაგიოგრაფია, კანონიკა, პოლემიკა და ა. შ.). ქართ. თ-ის განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა "კაბადოკიის სამი მნათობის" (ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ნაზიანზელი), იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, მაკარი მეგვიპტელის, ფსევდოდიონისე არეოპაგელის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე დამასკელის, თეოდორე აბუკურას, იოანე სინელის და სხვათა ნაშრომების ძველქართულმა თარგმანებმა. ქართ. ღვთისმეტყველების როგორც მეცნ. დისციპლინის, ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელია დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ავტორის ნაშრომთა ქართ. თარგმანები. შ. ნუცუბიძისა და ე. ჰონიგმანის ჰიპოთეზის თანახმად, არეოპაგიტიკის ავტორია გამოჩენილი თეოლოგი და ფილოსოფოსი პეტრე იბერი. ეს თარგმანები ეფრემ მცირემ (XI ს.) შეასრულა. ფსევდოდიონისე არეოპაგელმა დაამუშავა დადებითი, უარყოფითი და მისტიკური თ-ების კონცეფცია, რ-იც მთელ ქრისტ. პატრისტიკასა და სქოლასტიკაში უდიდესი გავლენითა და აღიარებით სარგებლობდა. ქართ. საღვთისმეტყველო ტრადიციის ჩამოყალიბებაზე ამ ტექსტებმა გადამწყვეტი გავლენა იქონია. შუა საუკუნეების ქართ. აზროვნებაში თ-ისა და ფილოს. ურთიერთმიმართების განხილვის პროცესში კარგად გამოიკვეთა ის როლი და მისია, რასაც ძვ. ქართვ. მოაზროვნეები თ-ს აკისრებდნენ. ეფრემ მცირე ფილოს. ადგილსა და დანიშნულებას ღვთისმეტყველების მსახურებაში ხედავდა. მან თარგმნა იოანე დამასკელის "დიალექტიკა". თარგმანზე დართულ წინასიტყვაობაში ეფრემ მცირე თავის წამოწყებას ამართლებს და ასაბუთებს იმით, რომ ეს მეცნიერება საჭიროა ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების დასაცავად: როგორც ვენახს სჭირდება ღობე, ასევე სჭირდება საეკლ. მოძღვრებებს "საფილასოფოსოQ სწავლაQ". ფილოსოფიურად განათლებული მორწმუნე კარგად ახერხებს მისი მოწინააღმდეგის (ანუ ურწმუნოს) განიარაღებას: "... ამათ მიერ წინააღუდგებოდინ შვილნი ეკლესიისანი გარეშეთა მათ ფილოსოფოსთა და მათითავე ისრითა განჰგუმერდენ <ბრ />მათ ...". ეფრემ მცირე ფილოსოფიას "გარეშე სიბრძნედ" მიიჩნევდა, ფილოს. ცოდნის გამოყენებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ღვთისმეტყველების უპირატესი სტატუსის შენარჩუნებისთვის. მაშასადამე, ეფრემ მცირე თ-ს მეცნ. სისტემაში განსაკუთრებულ ფუნქციას აკუთვნებდა და მის პირველად მნიშვნელობაზე მსჯელობდა. ქართ. თეოლ. მეცნიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა არსენ იყალთოელმა (XI–XII სს.), რ-მაც გამორჩეული თეოლ. ნაშრომები ქართ. ენაზე თარგმნა საღვთისმეტყველო კვლევა-ძიებათა შემაჯამებელ კრებულში მოათავსა და სახელად "დოგმატიკონი" უწოდა. იგი ქართ. თეოლ. ლიტ-რის მნიშვნელოვანი ძეგლი და ქართ. პოლიტ. თ-ის დაფუძნების პირველი მცდელობაა. ეფრემ მცირისა და არსენ იყალთოელის თვალსაზრისთაგან მკვეთრად განსხვავდება იოანე პეტრიწის (XII ს.) მოსაზრება თ-ისა და ფილოს. როლის შესახებ. პეტრიწმა ნეოპლატონიკოს პროკლეს "თეოლოგიის საწყისები" თარგმნა და დაწვრილებით განმარტა ქართ. ენაზე. მისთვის პროკლეს ფილოს. თ. თავისთავად ღირებულებას წარმოადგენს ამიტომ ის "თეოლოგიის საწყისებს" ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტავს. ქართვ. მოაზროვნეს სურს, რომ ამ ნაშრომის ფარული შრეები გამოავლინოს და მის არსს ჩასწვდეს. ამ მიზნით ის ისევ პროკლეს და ანტ. ფილოსოფიის სხვა წარმომადგენლებს ეყრდნობა. პეტრიწის კომენტატორული მეთოდი შუა საუკუნეებში დამკვიდრებული ახსნა-განმარტებითი მეთოდებისგან მკვეთრად განსხვავდება. იგი ამ თვალსაზრისით უფრო მეტად რენესანსის მოაზროვნეებთან ამჟღავნებს ნათესაურ კავშირს – პეტრიწი ორიგინ. წყაროებიდან თარგმნის და განმარტავს პროკლეს. იგი "განმარტებაQს" წინასიტყვაობაში ვრცლად მიმოიხილავს თავისი ნაშრომის შექმნის ძირითად მოტივებს. მისი აზრით, პლატონი, პროკლე და, საერთოდ, პლატონიკოსთა სკოლა ზუსტად ჩასწვდა სამყაროს საიდუმლოებას. ამდენად, ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან არისტოტელესა და პერიპატეტიკოსებისაგან. ეს უკანასკნელნი ამქვეყნიურ სიბრძნეს გვაწვდიან მაშინ როცა პლატონი და მისი მოწაფეები ზექვეყნიურ, ღვთაებრივ საიდუმლოს გვაზიარებენ (ამგვარი რამ არისტოტელესა და მის მიმდევრებს არ ხელეწიფებათ). ამიტომ პეტრიწის სიმპათია პლატონისა და პლატონიკოსებისაკენ იხრება, თუმცა ის არისტოტელეს ფილოსოფიას არ უარყოფს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან პროკლესეული ფილოს. თ. ქრისტ. რწმენის დასაბუთებისთვის პეტრიწს საიმედო საშუალებად მიაჩნდა. პეტრიწთან ფილოსოფია და ღვთისმეტყველება ერთ დიდ საერთო მიზანს ემსახურება – დაუსახოს ადამიანს მართებული საერო და სას. ორიენტირები.ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, განსაკუთრებით მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქართ. კულტურა აღმოჩნდა მძიმე კრიზისში, რ-ისგანაც თავის დაღწევა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. უწინარეს ყოვლისა, ეს ითქმის მეცნ. თეორ. დარგებზე, პირველ რიგში კი – თ-ზე. ამ თეორ. დისციპლინების განახლება საქართველოში მოგვიანებით მოხერხდა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ს.-ს. ორბელიანის ანტონ I-ის და სხვათა საღვთისმეტყველო შემოქმედება. განსაკუთრებით კი უნდა გამოიყოს ანტონ I-ის ოთხტომიანი "ღვთისმეტყველება" (1779), რ-იც ჯერ კიდევ არ არის გამოცემული და რ-ის შესწავლაც მომავალი კვლევა-ძიების საქმეა. თეოლ. მეცნიერების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს ანტონ I-ის ფილოს. სკოლის წარმომადგენლებმა: ფილიპე ყაითმაზაშვილმა, დოსითეოზ ჩერქეზიშვილმა, გაიოზ რექტორმა ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელმა (გ. 1815), ამბროსი ნეკრესელმა (XVIII–XIX სს. მიჯნა) და სხვ. ქართ. თ-ის განვითარებისა და შემდგომი ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ი. ხელაშვილმა ღვთისმეტყველმა და ფილოსოფოსმა, ს. დოდაშვილის თანამოაზრემ. ი. ხელაშვილის ფილოს. ღვთისმეტყველება ქრისტ. სარწმუნოების მთავარი ღირებულებების განმტკიცებასა და აღორძინებას ისახავს მიზნად. მან მართლმადიდებლობის მრწამსი ასე განსაზღვრა: სიმშვიდე, თავმდაბლობა და ქრისტესმიერი კაცთმოყვარეობა. იგი საგანგებოდ განიხილავს ისეთ სიღრმისეულ თეოლ. პრობლემებს, როგორიცაა ღმერთის არსებობის, სულის უკვდავების, სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების, ნების თავისუფლების და სხვ. საკითხები. ქართ. საღვთისმეტყველო კვლევების თვალსაზრისით განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანია ი. ხელაშვილის "ღვთისმეტყველება სამნაწილედი", რ-იც 1815 არის დაწერილი და შედგება: ბუნებითი ღვთისმეტყველებისაგან განცხადებითი ღვთისმეტყველებისა და ზნეობითი ღვთისმეტყველებისაგან. ქართ. ღვთისმეტყველების ისტორიაში თავისი ადგილი აქვს ი. ხელაშვილის მეტად საყურადღებო ქადაგებებს, რ-ებიც მას ქ. პეტერბურგში, დედოფალთა და ბატონიშვილთა კარის ეკლესიაში წარმოუთქვამს. ამ ქადაგებებშიც ჩანს ქართვ. ღვთისმეტყველის ფართო და ღრმა განათლების კვალი: იგი მსჯელობისას მოიშველიებს არა მარტო საღვთო წერილს, არამედ ფილოსოფიასაც.ქართ. თეოლ. ტრადიციის განახლება და მისი თვისებრივად ახალ სიმაღლეებზე აყვანა დაკავშირებულია გ. ქიქოძის (იხ. გაბრიელი) საღვთისმეტყველო მოღვაწეობასთან. ამას მოწმობს მისი ორტომიანი "ქადაგებანი" (თქმულნი 1860–70 წლებში). ამ ნაშრომში ქართ. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მნიშვნელოვანი საკითხები მეტად ორიგინალურადაა დამუშავებული და გადმოცემული. ისინი ითარგმნა რუს. და ინგლ. ენებზე.XX ს. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, საღვთისმეტყველო კვლევა-ძიება ფაქტობრივად შეწყდა და თეოლ. პრობლემები მხოლოდ ირიბად თუ განიხილებოდა შუა საუკუნეების ფილოს. ისტორიის სხვადასხვა საკითხთა განხილვის დროს. ამდენად, ქართ. ღვთისმეტყველება, როგორც მეცნ. დისციპლინა, თავისი ბუნებრივი განვითარების მიღმა აღმოჩნდა.თეოლ. პრობლემების აქტ. კვლევა-ძიება კომუნისტური რეჟიმის შესუსტებისა და დამხობის შემდეგ კვლავაც შესაძლებელი გახდა. XX ს. ბოლოსა და XXI ს. საქართველოში მრავალი საყურადღებო მონოგრაფია, სტატია, ენციკლოპედია, ლექსიკონი, ჟურნალი და ა.შ. გამოიცა, რ-ებშიც თ-ის ფუძემდებლური საკითხები და აქტუალური პრობლემები ინტენსიურად განიხილება. ამდენად, ქართ. ღვთისმეტყველება, ერთი მხრივ, თავის ისტ. ფესვებს უბრუნდება, ხოლო, მეორე მხრივ, დროის გამოწვევებს პასუხობს. ამ პროცესში მას დიდად წაადგება ქართ. საღვთისმეტყველო ტრად. და სიბრძნისმეტყველების "უშრეტი წყაროები".ლიტ.: ანტონ ბაგრატიონი, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1980; არეოპაგიტული კრებული. დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერიელი ძველქართულ მწერლობაში, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1983; ზაქარაძე ლ., იონა ხელაშვილი – დიდი ქართველი ღვთისმეტყველი ეპოქათა გზაგასაყარზე, «უფლის ციხე», # 2, თბ., 2012; იოანე დამასკელი, დიალექტიკა მ. რაფავას გამოც., თბ., 1976; იოანე პეტრიწი, განმარტებაQ პროკლესთUს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათUს, ტ. 2, შ. ნუცუბიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტფ., 1937; ირემაძე თ., ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, «უფლის ციხე», #2, თბ., 2012; მისივე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე, თბ., 2013. თ. ირემაძე.