თეოფანეს გამგრძელებლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Theophanes Continuatus), ბიზანტიური მატიანის პირობითი სახელი. შედგენილია 961–963, წარმოადგენს თეოფანე ჟამთააღმწერელის თხზულების გაგრძელებას, მოიცავს 813–961 ბიზანტ. იმპერატორთა ისტორიას. შედგენილია რამდენიმე მემატიანის მიერ. შეიცავს საინტერესო ცნობებს საქართველოს შესახებ: ქართველთა მონაწილეობაზე თომა სლავის აჯანყებაში (820–825); უნიკალურ ცნობას ბიზანტიელთა მარცხიანი ლაშქრობის შესახებ დას. საქართველოში IX ს. 30–40-იან წლებში: "ისე, რომ ძალიან ცოტანიღა დაბრუნდნენ იქიდან უკან". "ჯარის ერთმა ნაწილმა ხომალდის დამსხვრევა განიცადა და სიცოცხლე შესწირა, სხვები კიდევ, თუმცა ხმელეთზე გადავიდნენ, მაგრამ პირველების უბედურება გაიზიარეს, აი, ასე დაიღუპა ეს ჯარი". სხვა წყაროებში ამგვარი ცნობები არსად მოიპოვება და IX ს. დას. საქართველოს პოლიტ. ვითარების გასარკვევად თ. გ-ის ამ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საინტერესოა ცნობა იბერიის კურაპალატის (სავარაუდოდ, ადარნასე კურაპალატის) 922 ბიზანტიაში ყოფნის შესახებ.წყარო და პუბლ.: Theophanes continuatus, rec. I. Becker, Bonnae, 1838; გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4 ნაკვ. 2, თბ., 1952. ნ. ლომოური.