თეოფანე დავითაიას სახლმუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა 1986 სოფ. ეკში. განთავსებულია მამაპაპისეულ ოდასახლში, სადაც დაიბადა მომავალი დიდი მეცნიერი. სახლი და მთელი რიგი ექსპონატები მუზეუმს გადასცა მისმა ძმამ ს. დავითაიამ და მეუღლემ მ. კეკუამ. სახლ-მუზეუმის კეთილმოწყობისა და გამოფენის პროექტის ავტორია არქიტ. ვ. დავითაია . ექსპოზიციის მასალები შეაგროვა და ქრონოლოგიურად განალაგა კ. ხარა- ძემ. სახლ-მუზეუმის განკარგულებაშია ცალკე მდგარი მეგრული სამზარეულო, ნალია, მარანი, ჭა, ეზო და სხვ.

სახლ-მუზეუმში გამოფენილია 1600-ზე მეტი ფოტოსურათი, დოკუმენტი, სქემა და ნივთი, რ-ებიც ნათლად ასახავენ მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო გზას. ექსპონირებულია მეცნიერის კუთვნილი რელიკვიური ნივთები (მ. შ. ანტიკვარული საწერი მაგიდა), უნიკალური საბუთების დედნები და სხვ.

სახლ-მუზეუმის ექსპონატები განთავსებულია 3 ოთახში.

პირველ ოთახში გამოფენილია დავითაიას ბავშვობისა და ყრმობის, სკოლაში სწავლისა და სტუდენტობის პერიოდის ამსახველი მასალა. აქვეა გენეალოგიური ნუსხა და ახლობლების ფოტოსურათები.

მეორე ოთახში წარმოდგენილი ექსპონატები ასახავს მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ლენინგრადში, მოსკოვში და ფრონტზე. აქვეა გამოფენილი დ-ს შექმნილი მეტეოროლ. ხელსაწყო– საველე წვიმასაზომი, რ-ზეც დიდი მოთხოვნა იყო არა მარტო ჩვენში, არამედ საზღვარგარეთაც.

მესამე, დიდი ოთახის ექსპოზიცია ასახავს მეცნიერის საქართველოში მოღვაწეობის 17-წლიან, ყველაზე ნაყოფიერ, პერიოდს. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე დ-ს სამეცნ. კავშირების ამსახველ მასალას, კერძოდ, მის მოღვაწეობას კუბასა და ჩინეთში. გამოფენილია ათეულობით ჯილდოს ფოტოასლი და ბ. ყურაშვილის მიერ სვანეთის ფონზე გადაღებული განათებული ფერადი სლაიდების კოლაჟი. მუზეუმისათვის სპეციალურად შეიქმნა დ-ს პორტრეტი (ავტ. დ. ვ. ერისთავი). ექსპოზიცია შევსებულია 30 ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირებითა და მუზეუმისათვის გადაცემული საჩუქრებით. კ.ხარაძე.