თეოფილაქტე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(რუსანოვი) <ბრ />(1765 – 19. VII. 1821, სიღნაღი), საქართველოს ეგზარქოსი 1817–21. ეგზარქოსობამდე თავდაპირველად კალუგის, შემდეგ რიაზანის არქიეპისკოპოსი იყო. საქართველოში აქტიურად ატარებდა ცარიზმის კოლონიურ-რუსიფიკატორულ პოლიტიკას. მან დანიშვნისთანავე 1817 წ. 9 ნოემბრის ბრძანებულებით თბილ. სიონის საკათედრო ტაძარში შემოიღო კვირაში სამი დღე რუსულად წირვა-ლოცვა; იმპ. ალექსანდრე I-ს წარუდგინა "საეკლესიო რეფორმების" პროექტი, რ-იც მიზნად ისახავდა ქართვ. სამღვდელოების მთლიანად ცარიზმის სამსახურში ჩაყენებას. სინოდმა მოიწონა თ-ს პროექტი, რ-იც იმპერატორმა 1818 წ. 28 დეკემბერს დაამტკიცა. თ. პირადად ხელმძღვანელობდა ამ რეფორმის გატარებას დას. საქართველოში რისთვისაც მან 1819 მაისში დაიწყო იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში საეკლ. გლეხებისა და მამულების აღწერა; საეკლ. გლეხებს შეაწერა გადიდებული ფულადი გადასახადი, ხოლო ძვ. ნატურით გადასახადი შეუცვალა ფულადით, შეამცირა ეპარქიათა და სამრევლო ეკლესიების რაოდენობა და სხვ. თ-ს ამ ღონისძიებებმა გამოიწვია მოსახლეობის აჯანყება (იხ. იმერეთის აჯანყება 1819–20), რ-შიც ჩაბმული იყო საეკლ. გლეხობა და ქართვ. სამღვდელოებისა და თავადაზნაურობის ნაწილი. თ. აჯანყებულთა შიშით, რ-ებიც მის გაძევებას მოითხოვდნენ, 1819 წ. 9 ივლისს 300 რუსი ჯარისკაცისა და 2 ქვემეხის თანხლებით თბილისში დაბრუნდა. ცარიზმის მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ თ. აჯანყების მონაწილეებს რუს. ხელისუფლებასთან აბეზღებდა. მან ქართ. სამღვდელოების რუსულად აღზრდის მიზნით დააარსა სას. სასწავლებლები თბილისში, თელავში გორში, სიღნაღში; ხელს უწყობდა ოსურ მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელებას.წყარო: Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. 6, ч. 1, Тфл., 1874; Е [ п и с к о п] К [и р и о н], Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тфл., 1901.ლიტ.: Махарадзе H., Восстание в Имеретии 1819–20 гг. «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის» 1942 ნაკვ. 3. ე. ბუბულაშვილი.თეოფილაქტე სიმოკატა (Theophylaktōs Simokattes), VII ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი, წარმოშობით ეგვიპტიდან. განეკუთვნებოდა ბიზანტიის იმპერიის ზედა ფენას. იყო იმპ. ჰერაკლეს (610–641) მრჩეველი. მისი თხზ. "ისტორია" ("მსოფლიო ისტორია") მენანდრე პროტიქტორის შრომის გაგრძელებას წარმოადგენს და იმპ. მავრიკიოსის (582–602) დროინდელ ამბებს მოიცავს. თხრობის მთავარი თემაა ბიზანტიის იმპერიის მიერ ბალკანეთის ნ.-კუნძულზე ავარებისა და სლავების, ხოლო აღმოსავლეთში სასანიანთა ირანის წინააღმდეგ გამართული ომები. თ. ს-ს "ისტორიაში" მოიპოვება მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოს შესახებ, ასე მაგ.: თურქთა მიერ "კოლხთა ბელადებისა და სამასი ათასი კოლხის ამოხოცვის" (მიცვალებულები 4 დღის სავალზე იყო მოფენილი) შესახებ. როგორც გაირკვა, თ. ს-ს აღნიშნული ფაქტი შეიძლება გაზვიადებულია, მაგრამ ისტ. რეალობას ემყარება. დაახლ. 558 წელს (562-მდე) ცენტრ. აზიიდან გამოქცეულმა ჟუჟანებმა (ისინი აღმ. ევროპაში ავართა სახელით არიან ცნობილნი) ბალკანეთში გადასვლამდე, აზოვის ზღვის აღმ-ით ოგორთა განადგურების შემდეგ, შავი ზღვის ჩრდ.-აღმ. სანაპიროზე განსახლებული ქართველური მოსახლეობა ამოხოცეს. ეს ამბავი ქართ. წყაროშიცაა ასახული (ჯუანშერი). თ. ს. საუბრობს აგრეთვე, VI ს. 80-იანი წლების მშვიდობიანობის შესახებ ეგრისში: "ფასისის წყალსაც აღარ ამღვრევდა სისხლი; მისი მშვიდობიანი მდინარება სიწყნარის ბრწყინვალებით რწყავდა კოლხეთს და მიდიელ მოსახლეს არსად აჭაჭანებდა". თ. ს. დაწვრილებით გადმოსცემს ირანელთა სარდლის ბარამის შეჭრას სვანეთში 589–590, სადაც იგი სასტიკად დამარცხდა.წყარო: Theophylacti Simocatte Historiae, ed. C. de Boor, Lipsiae, 1887; გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 1, თბ., 1941; ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.ლიტ.: გოილაძე ვ., თეოფილაქტე სიმოკატას ერთი ცნობა კოლხთა შესახებ და მისი რეალობის საკითხი, «ბიზანტინოლოგია საქართველოში», II თბ., 2009; მისივე, ჰუნ-თურქები კავკასიაში, თბ., 2008; ყაუხჩიშვილი ს., ბერაძე ი., სვანეთის ხელმეორე აღება ბიზანტიელების მიერ, «თსუ შრომები» 1998, ტ. 7. ვ. გოილაძე.ნ. ლომოური.