თეოფილაქტე სიმოკატა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Theophylaktōs Simokattes), VII ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი, წარმოშობით ეგვიპტიდან. განეკუთვნებოდა ბიზანტიის იმპერიის საზოგადოების ზედა ფენას. იყო იმპ. ჰერაკლეს (610–641) მრჩეველი. მისი თხზ. "ისტორია" ("მსოფლიო ისტორია") მენანდრე პროტიქტორის შრომის გაგრძელებას წარმოადგენს და იმპ. მავრიკიოსის (582–602) დროინდელ ამბებს მოიცავს. თხრობის მთავარი თემაა ბიზანტიის იმპერიის მიერ ბალკანეთის ნ.-კუნძულზე ავარებისა და სლავების, ხოლო აღმოსავლეთში სასანიანთა ირანის წინააღმდეგ გამართული ომები. თ. ს-ს "ისტორიაში" მოიპოვება მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოს შესახებ, ასე მაგ.: თურქთა მიერ "კოლხთა ბელადებისა და სამასი ათასი კოლხის ამოხოცვის" (მიცვალებულები 4 დღის სავალზე იყო მოფენილი) შესახებ. როგორც გაირკვა, თ. ს-ს აღნიშნული ფაქტი შეიძლება გაზვიადებულია, მაგრამ ისტ. რეალობას ემყარება. დაახლ. 558 (562-მდე) ცენტრ. აზიიდან გამოქცეულმა ჟუჟანებმა (ისინი აღმ. ევროპაში ავართა სახელით არიან ცნობილნი) ბალკანეთში გადასვლამდე, აზოვის ზღვის აღმ-ით ოგორთა განადგურების შემდეგ, შავი ზღვის ჩრდ.-აღმ. სანაპიროზე განსახლებული ქართველური მოსახლეობა ამოხოცეს. ეს ამბავი ქართ. წყაროშიცაა ასახული (ჯუანშერი). თ. ს. საუბრობს აგრეთვე, VI ს. 80-იანი წლების მშვიდობიანობის შესახებ ეგრისში: "ფასისის წყალსაც აღარ ამღვრევდა სისხლი; მისი მშვიდობიანი მდინარება სიწყნარის ბრწყინვალებით რწყავდა კოლხეთს და მიდიელ მოსახლეს არსად აჭაჭანებდა". თ. ს. დაწვრილებით გადმოსცემს ირანელთა სარდლის ბარამის შეჭრას სვანეთში 589–590, სადაც იგი სასტიკად დამარცხდა.წყარო: Theophylacti Simocatte Historiae, ed. C. de Boor, Lipsiae, 1887; გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 1, თბ., 1941; ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.ლიტ.: გოილაძე ვ., თეოფილაქტე სიმოკატას ერთი ცნობა კოლხთა შესახებ და მისი რეალობის საკითხი, «ბიზანტინოლოგია საქართველოში», II თბ., 2009; მისივე, ჰუნ-თურქები კავკასიაში, თბ., 2008; ყაუხჩიშვილი ს., ბერაძე ი., სვანეთის ხელმეორე აღება ბიზანტიელების მიერ, «თსუ შრომები» 1998, ტ. 7. ვ. გოილაძე.ნ. ლომოური.