თეოფრასტე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Theophrastos) (დაახლ. ძვ. წ. 372–369, ქ. ერესოსი, კ. ლესბოსი, – ძვ. წ. 288–285, ათენი), ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და ბუნებისმეტყველი; არისტოტელეს მოწაფე და მეგობარი. არისტოტელეს სიკვდილის შემდეგ, როგორც მისი მიმდევარი, სათავეში ჩაუდგა პერიპატეტიკოსთა სკოლას და დიდი წვლილი შეიტანა მის აყვავებაში. თ. იყო ანტ. ეპოქის დიდი ენციკლოპედისტი. იგი ავტორია მრავალი შრომისა (დაახლ. 225 დასახელება), რ-ებიც ეხება მისი ეპოქის მეცნ. და ფილოს. თითქმის ყველა დარგს, თუმცა მათი უმრავლესობა დაკარგულია. თ-ს ბოტან. ტრაქტატები "მცენარეთა ისტორია" და "მცენარეთა მიზეზთათვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დისციპლინის ისტორიისთვის. ამ დარგში იგი ითვლება დაკვირვებისა და ინდუქციური განზოგადების მეთოდების მამამთავრად. შრომაში "ქვათათვის", რ-იც მინერალოგიას შეეხება, თ. კოლხეთს მოიხსენიებს. იგი ამოდის "კავშირის" ცნებიდან და აკრიტიკებს არისტოტელეს მოძღვრებას სულიერ და სხეულებრივ სუბსტანციებს შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირისა და "უძრავი მამოძრავებლის" შესახებ. ფართოდაა ცნობილი თ-ს ნაშრომი "ხასიათები", რ-შიც მისი ეთიკური კონცეფციაა გადმოცემული. დიდია თ-ს დამსახურება ლოგიკაში. მან გააფართოვა სილოგიზმის I ფიგურის ცნება ისე, რომ მასში აგრეთვე შესულიყო არისტოტელეს მიერ გვიან აღმოჩენილი ახ. მოდუსები, რ-თაგან შემდგომ IV ფიგურა შეადგინეს; გამოიკვლია პირობითი და გაყოფითი სილოგიზმები. თ-ს დამსახურებას არისტოტელეს ლოგიკის განვითარების საქმეში დიდად აფასებდა ცნობილი ქართვ. მოაზროვნე, ფილოსოფოსი და ლოგიკოსი ს. დოდაშვილი. თავის უმნიშვნელოვანეს ნაშრომში – "ლოგიკა" (რუს. ენაზე, სანქტ-პეტერბურგი 1827) იგი საგანგებოდ აღნიშნავდა თ-ს წვლილს არისტოტელეს სილოგიზმის თეორიის I ფიგურის სილოგიზმების ჩამოყალიბებაში.ლიტ.: ბერძნიშვილი მ., ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის, თბ., 1969; დოდაშვილი ს., თხზულებანი, შემდგ. თ. კუკავა, თბ., 2001; Die Metaphysik Theophrasts, hrsg. von J. Henrich Münch.–Lpz., 2000. თ. ირემაძე.