თერგდალეულები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XIX ს. 60-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული მოძრაობის წარმომადგენლები. ტერმინი "თერგდალეული" ორი მნიშვნელობით იხმარებოდა: 1. როგორც თიკუნი XIX ს. 50-იანი წლების II ნახ-ში რუსეთში განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდებისა (რაკი რუსეთში წასვლისას მდ. თერგის გადალახვა უწევდათ ხუმრობით "თ." შეარქვეს); 2. როგორც სახელი გარკვეული საზ. მოძრაობის წევრისა, რადგან სწორედ რუსეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდები ჩაუდგნენ სათავეში ამ მოძრაობას. "თ-ის" განმან. იდეებმა ასახვა პოვეს მათსავე მხატვრულ და პუბლიც. ნაწარმოებებში, რითაც საფუძველი ჩაუყარეს ახ. ლიტ. მიმდინარეობას. თ. იყვნენ ი. ჭავჭავაძე ა. წერეთელი ნ. ნიკოლაძე ი. გოგებაშვილი გ. წერეთელი კ. ლორთქიფანიძე ს. მესხი ვ. თულაშვილი ს. აბაშიძე პ. ნაკაშიძე და სხვ. ამ წრის ჟურნალ-გაზეთები – "საქართველოს მოამბე", "დროება", "კრებული" და მათში გამოქვეყნებული თხზულებანი გამოხატავდა ძირითადად "თერგდალეულობის", როგორც საზ. მოძრაობის არსს."თ-ის" მოძრაობის დასაწყისად მიჩნეულია 1861 წელი, როცა ჟურნ. "ცისკრის" IV წიგნში გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის სტატია – «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კოზლოვიდგან "შეშლილის" თარგმნაზედა». ამ სტატიას მაშინ ცხარე კამათი მოჰყვა ქართ. ენისა და ლიტ-რის საკითხებზე. საზ-ბა ორად გაიყო – ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ ი. ჭავჭავაძეს, ხანდაზმულები კი მათ ედავებოდნენ. კამათმა თაობათა ბრძოლის სახე მიიღო, რის გამოც შემდეგ ამ დავა-პაექრობას "მამათა და შვილთა ბრძოლა" უწოდეს."თ-ის" საერთო მიზანი იყო საქართვ. საზ. ყოფის შეცვლა და მისი განვითარების ახ. გზაზე გამოყვანა. ამ მიზნის მისაღწევად მათ აუცილებლად მიაჩნდათ განათლების სოც. და ეროვნ. საკითხების მოგვარება."თ." განათლების აპოლოგეტები იყვნენ და აუცილებელ საყოველთაო განათლებას ქადაგებდნენ. ამას ისინი არა მხოლოდ თეორიულად მოითხოვდნენ, არამედ პრაქტიკულადაც ახორციელებდნენ. მათ სახელთან არის დაკავშირებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბება სკოლების გახსნა და სხვ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ი. გოგებაშვილის პედ. მოღვაწეობა. განათლება რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო, სალიტ. ენა ხალხისას უნდა დაახლოებოდა. ენის მოსალოდნელმა რეფორმამ ცხარე კამათი, შეხლა-შემოხლა გამოიწვია, მაგრამ "თ-მა" ეს საქმე გამარჯვებით დააგვირგვინეს – სამწერლობო (სალიტ.) ენის ძირეული რეფორმით იგი ხალხის სასაუბრო ენას დაუახლოვეს."თ." ხელოვნებასა და მწერლობას ხალხის, საზ-ბის მსახურად მიიჩნევდნენ, ხალხისა და ქვეყნის ჭირ-ვარამი, შვება-ლხენა მწერლობის ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო. ეს შეხედულება მკაფიოდ და ნათლად არის გამოთქმული ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ნ. ნიკოლაძის და სხვათა ნაწერებში. ყოველი მათგანი ბოლომდე ერთგული დარჩა ამ შეხედულებისა.სოც. ურთიერთობათა სფეროში "თ-ის" ძალისხმევა ბატონყმობის გაუქმებისკენ იყო მიმართული. აუცილებელი იყო ხალხის ცნობიერების აღზრდა, რასაც დიდად შეუწყო ხელი მწერლობამ. დ. ჭონქაძის "სურამის ციხის" გამოქვეყნების შემდეგ ბატონყმობა მკაცრად და დაუნდობლად სწორედ "თ-მა" გააკრიტიკეს თავიანთ მხატვრულ-პუბლიც. ნაშრომებში, რითაც არსებითად მოამზადეს საზ. აზრი დიდი რეფორმის ჩასატარებლად. ბატონყმობის გადავარდნას და ახ. საზ. წყობილების თანდათანობით დამკვიდრებას, მათი ვარაუდით, შრომის გათავისუფლებაც უნდა მოჰყოლოდა – "შრომისა ახსნა – ეგ არის ტვირთი ძლევამოსილის ამ საუკუნის" (ი. ჭავჭავაძე, "აჩრდილი"), მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო კლასობრივი ბრძოლის საშუალებით, როგორც ამას სოციალისტები ქადაგებდნენ. კლასობრივი ბრძოლა "თ-ს" მიუღებელ და საშიშ მოვლენად მიაჩნდათ, რამდენადაც იგი მცირერიცხოვანი ერების თვითგანადგურებას მოასწავებდა. ამიტომ, "თ-ის" შეხედულებით, აუცილებელი იყო ერის შინაგანი მთლიანობა. ადამიანთა და წოდებათა შორის ჩატეხილი ხიდი უნდა აღდგენილიყო და ახ. სამყარო ყველას ერთად ეშენებინა."თ-ის" მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რაც ლაკონიურად და სხარტად გამოხატა ილიამ ცნობილი ფრაზით – "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" ("მგზავრის წერილები"). ამ დიდი ამოცანის გადასაწყვეტად აუცილებლად მიაჩნდათ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის გავლა, რასაც, მათი აზრით, პრაქტიკულად უზრუნველყოფდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოს ავტონომია. ეს იყო "თ-ის" პოლიტ. იდეალი, რ-ის ერთგულნიც ისინი ბოლომდე დარჩნენ. მაგრამ "თ-ის" ამ მისწრაფებას განხორციელება არ ეწერა.მიუხედავად იმისა, რომ თ-ს საერთო შეხედულებები აერთიანებდათ, "თერგდალეულობას" მყარად ჩამოყალიბებული ორგანიზაციული სახე არ ჰქონია. ამას მოგვიანებით ი. გოგებაშვილიც აღნიშნავდა, რ-ის აზრითაც "მესამოცეებმა" რეალურად მოქმედი ორგანიზაცია ვერ შექმნეს. XIX ს. 70-იანი წლების დასაწყისში ამ მოძრაობამ არსებობა შეწყვიტა, თუმცა შემდგომ "თ." მწერლობაშიც და საზ. ასპარეზზეც აქტიურად მოღვაწეობდნენ."თ-ის" მოძრაობის დაშლას სხვადასხვა მოვლენამ შეუწყო ხელი: ი. ჭავჭავაძე, რ-იც "საქართველოს მოამბის" დახურვის (1863) შემდეგ დუშეთში მსახურობდა, მოწყვეტილი აღმოჩნდა თბილისის საზ-ბას; 60-იანი წლების ბოლოს ნ. ნიკოლაძე და გ. წერეთელი სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გაემგზავრნენ. ევროპული სამყაროს გაცნობამ მათზე ძლიერი გავლენა იქონია და ამის შემდეგ საქართვ. არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის "თ-თვის" ცხარე კამათის საგნად იქცა. დავა ატყდა იმის თაობაზეც, თუ რა ეთხოვათ საქართველოში ჩამოსული ალექსანდრე II-თვის: უმაღლესი სასწავლებლის – უნივერსიტეტის (გ. წერეთელი, ი. ჭავჭავაძე) თუ სამხ. სასწავლებლის გახსნა. უმრავლესობა ამ უკანასკნელს ემხრობოდა. ნ. ნიკოლაძე არც ერთ მათგანს არ იზიარებდა. მას მართებულად მიაჩნდა იმპერატორისათვის ერობის – თვითმმართველობის შემოღება ეთხოვათ, რაც ხალხს სახელმწიფო მართვას მიაჩვევდა. ეს შორსმჭვრეტელური წინადადება იყო, თუმცა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. უთანხმოება ჩამოვარდა ი. ჭავჭავაძესა და ნ. ნიკოლაძეს შორის საადგილმამულო ბანკის დაარსების გამოც.სხვადასხვა საკითხებზე ამგვარმა იდეურმა დავამ "თ-ის" მოძრაობა შიგნიდან დაშალა. ამას დაემატა ისიც, რომ ნ. ნიკოლაძემ და გ. წერეთელმა 70-იანი წლების დასაწყისში ახ. მიმართულებას ჩაუყარეს საფუძველი, რ-იც "მეორე დასის" სახელით არის ცნობილი, ხოლო "პირველი დასის" სახელი "თ-ის" მოძრაობას დარჩა.ლიტ.: აბაშიძე კ., ეტიუდები მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, თბ., 1962; გაფრინდაშვილი მ., ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის ნარკვევები, [ტ.] 2, თბ., 1976; კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ნაწ. 2, თბ., 1960; რატიანი პ., თერგდალეულთა რევოლუციური მოღვაწეობის ისტორიიდან, თბ., 1962; საშვილიშვილო მოკავშირე – დიმიტრი ყიფიანი (მასალები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის). თ. ჯოლოგუას გამოც., ტ. 2, თბ., 2007; ჯოლოგუა თ., დიმიტრი ყიფიანი [1830–1860], თბ., 2002. ა. ბაქრაძე.