თერგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე საქართველოსა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და რუსეთის ფედერაციაში (ჩრდ. ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ინგუშეთი, ჩაჩნეთი, დაღესტანი). სიგრძე 623 კმ (აქედან საქართვ. ფარგლებში 85 კმ). აუზის ფართ. 43,2 ათ. კმ 2. სათავეს იღებს მწვ. ზილგახოხის ჩრდ. და აღმ. კალთების მყინვარებიდან, ზ. დ. 2800 მ-ზე მაღლა. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარ და გვერდით ქედებს შორის. ზემოწელში, თრუსოს ხეობის მონაკვეთზე, იერთებს მრავალ მყინვარულ ნაკადს, რ-თაგან აღსანიშნავია სუათისი, ჯიმარისწყალი, რესიწყალი, წოწოლთისწყალი, ესიქომი. სოფ. კობთან თ. მკვეთრად უხვევს ჩრდ-კენ და კვეთს გვერდით ქედს. სტეფანწმინდა-დარიალის მონაკვეთზე თერგს ერთვის მდინარეები: სნოსწყალი, ხდე, ჩხერი, ყაბახი და სხვ. დარიალში თერგს უზარმაზარი ვარდნა აქვს და მისი კალაპოტის აბსოლ. ნიშნულები კლდეკარის უვიწროეს ნაწილში (მდ. ხდის შესართავის მიდამოებში) ეცემა 1350 მ-მდე, ხოლო საქართვ. ჩრდ. საზღვართან – 1200 მ-მდე.დარიალის ხეობის შემდეგ თ. კვეთს კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდ. სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის კასპიის ზღვას. შესართავთან აჩენს დელტას (ფართ. 4 ათ. კმ 2). თერგის აუზის მდინარეთა ჩამონადენი მაღალმთიან ზონაში 30–40 ლ/წმ შეადგენს 1 კმ 2-ზე, ქვედა ზონაში – 20 ლ/წმ. მდინარეთა წყალდიდობა ზაფხულში იცის ძლიერი წვიმებისა და მყინვარების ინტენს. დნობის დროს, წყალმცირობა – ზამთარში.თ. მდიდარია თევზით (კალმახი, თერგის ორაგული, კობრი, ფარგა და სხვ.). ნაწილობრივ თ-ის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა.თ. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის შრომაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა": "მდინარესა Hევისასა ეწოდების არაგUვე ჩერქეზამდე და მუნ ლომეკის-მდინარე ძუელადვე, და აწ უწოდებენ თერგსა".გ. გიგინეიშვილი.