თერძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დერციკი, ტანსაცმლის მკერავი. XIX ს-ში ხარაზებთან ერთად თ-ები ქალაქელი ხელოსნების უმრავლესობას შეადგენდნენ. კერავდნენ ჩოხა-ახალუხს, ხვანჯრიან შარვალს, ქულაჯას, ყაბალახს, ფაფანაკს და სხვ. ტანსაცმლის მოსართავად იხმარებოდა ჩაფარიში – ყაითანი. კარგად ფასობდა და დიდი მოწონებით სარგებლობდა ე. წ. "ფაზარის" (ნუხის) ყაითანი. ჩაფარიში ადგილობრივადაც იქსოვებოდა. თბილისში ცნობილი იყო ვანციანის ჩაფარიში. ჩოხა იკერებოდა ძირითადად ადგილობრივი, შინამრეწველური წესით დამზადებული შალისაგან. ცნობილი იყო ლეკური, თუშური და რაჭული შალები. ხმარობდნენ ფაბრიკულ ქსოვილებსაც.იკერებოდა ჩერქეზული – ოთხჩაქიანი – და ჩვეულებრივი ქართული ჩაქიანი ჩოხა. ჩოხას სახელოსნოში აჭრევინებდნენ, ოჯახში კი აკერინებდნენ. თ-ებს ფურგონებით მიჰქონდათ გამოჭრილი ჩოხები, ახალუხები, კაბები, ყარაჩოხელის უბეგანიერი შარვლები და შესაკერად ხალხში არიგებდნენ.ნ. აბესაძე<ა იდ="_იდთეხტAნცჰორ000"></ა>.