თესლბრუნვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორიგეობით თესვა-მოყვანა მინდვრებად დაყოფილ მიწის ნაკვეთზე. მისი მიზანია სახნავ-სათესი ფართობის მაღალეფექტური გამოყენება მოსავლიანობის ზრდა და ნიადაგის ნაყოფიერების გადიდება. თ. გულისხმობს სას.-სამ. კულტურების გეგმაზომიერ მორიგეობას დროსა და სივრცეში. თ-ში მონაწილე კულტურები ყოველ მინდორზე წლიდან წლამდე ენაცვლება ერთმანეთს (მორიგეობა დროში), თანაც ერთსა და იმავე კულტურას ყოველწლიურად გადაანაცვლებენ ერთი მინდვრიდან მეორეზე შემდეგ – მესამეზე და ა. შ. (მორიგეობა სივრცეში). კულტ. მცენარეები ბიოლ. თავისებურებისა და ნიადაგის ნაყოფიერებაზე ზეგავლენის მიხედვით შეიძლება დაიყოს 4 ჯგუფად: 1. მთლიანსათესი მარცვლოვნები; 2. სათოხნი კულტურები; 3. ერთ- და მრავალწლოვანი საკვები ბალახები; 4. ტუბერიანი და ძირხვენა მცენარეები. თესვის ვადების მიხედვით განასხვავებენ საშემოდგომო საადრეო საგაზაფხულო და საგვიანო საგაზაფხულო კულტურებს. განარჩევენ თ-ის 3 ტიპს: მინდვრის საკვებ და სპეციალურ თ-ს. მინდვრის თ. უმეტესად მოიცავს მარცვლოვან და ტექ. კულტურებს; საკვები თ. – უმთავრესად საკვებ კულტურებს ხოლო სპეციალური თ. – ბოსტნეულს თამბაქოს ბრინჯს ბამბას და სხვ. კულტურებს რ-ებიც სპეც. პირობებს და აგროტექნიკას მოითხოვენ. ცალკეული ტიპის ფარგლებში თ-ებს აჯგუფებენ წამყვანი კულტურების მიხედვით. ერთი თ. მეორისაგან შეიძლება განვასხვაოთ აგრეთვე იმ ღონისძიებათა კომპლექსით რ-იც ხორციელდება ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისა და გაკულტურებისათვის. ასეთია ანეულიანი ნათესბალახიანი ნაყოფცვლითი ეროზიასაწინააღმდეგო და კომბინირებული თ. მინდვრების რაოდენობა თ-ში მერყეობს 2–3-იდან 10–12-მდე. კულტურების მორიგეობით თესვას როტაცია ეწოდება. მორიგეობის ციკლის დამთავრება (როცა თითოეული კულტურა ყველა მინდორს მოივლის) ერთი როტაციაა. არის ისეთი თ-ც როდესაც ერთხელ დათესილი რომელიმე კულტურა (უმთავრესად მრავალწლოვანი) რამდენიმე წელი შეუცვლელად რჩება მინდორზე. ასეთ თ-ს გამოთიშულმინდვრიანი ეწოდება. თითოეულ მინდორზე ჩვეულებრივ ითესება ერთი კულტურა ან კულტურების ნარევი.საქართველოში სწორი თ-ის დანერგვაზე მუშაობა დაიწყო 1932 საქართვ. მიწათმოწყობის საპროექტო ინ-ტმა. თ-ების დაპროექტების საფუძველი იყო საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 1967 შემუშავებული სანიმუშო სქემები, რ-ებშიც გათვალისწინეულია მინდვრის, ეროზიასაწინააღმდეგო და საკვები თ-ების შემოღება საქართვ. 11 ზონასა და 3 ქვეზონაში. მაგ., ალაზნის ვაკის მევენახეობის სპეციალიზაციის ზონაში, სადაც თამბაქოც მოჰყავდათ, რეკომენდებული იყო შვიდმინდვრიანი თ. – 1. საშემოდგომო ხორბალი, ნაწვერალზე – სიმინდი და სოია ერთად (სასილოსედ); 2. თამბაქო, ეთერზეთოვანი კულტურები; 3. საშემოდგომო ხორბალი, ნაწვერალზე – სიმინდი და სოია ერთად (სასილოსედ); 4. სიმინდი სამარცვლედ; 5. საშემოდგომო ხორბალი, ნაწვერალზე – სიმინდი და სოია ერთად (სასილოსედ); 6. შვრიანარევი ცერცველი მწვანე საკვებად, ნათიბზე – სიმინდი (სამარცვლედ ან სასილოსედ); 7. სიმინდი სამარცვლედ, სამარცვლე პარკოსნები, საკვები ძირხვენები, ან ათმინდვრიანი თ. – მრავალწლოვანი ბალახების ორი მინდვრით და სხვ. მთისა და გორების ფერდობების სახნავ მიწებზე, რ-თა დაქანება 8–120 აღემატება, ურჩევენ სპეც. ეროზიასაწინააღმდეგო თ-ს. ასეთ თ-ში სათოხნი კულტურების შერევა ძალზე შეზღუდულია, ხოლო მრავალწლოვან ბალახნარევებს 3–5 მინდორი უჭირავს. 120-ზე უფრო დაქანებულ ფერდობებზე სათოხნი კულტურების თესვა არ არის რეკომენდებული. თ-ში უნდა მონაწილეობდეს მხოლოდ მთლიანსათესი მცენარეები (ერთ- და მრავალწლოვანი ბალახები, თავთავიანი მარცვლოვნები). დას. საქართველოსათვის რეკომენდებულ მინდვრის თ-ში წამყვანი ადგილი უჭირავს სიმინდს, რ-შიც შეითესება სოია ან ლობიო. თ-ში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საშემოდგომო შუალედურ კულტურებს: ტურნეფსს, რაფსს, ცულისპირას, ცერცველას, ბარდას და სხვ. შუალედური კულტურები, რომლებიც მოჰყავთ ორ ძირითად კულტურას შორის დარჩენილი თავისუფალი დროის შუალედში, ძირითადად გამოიყენება ცხოველების საკვებად (მწვანე საკვები, სენაჟი, სილოსი, ბალახის ფქვილი), ასევე მწვანე სასუქად. ისინი ნიადაგს ამდიდრებენ ორგ. ნივთიერებებით, პარკოსნები –აზოტითაც. ამავე დროს იცავენ ნიადაგს ეროზიისაგან, აუმჯობესებენ მის სტრუქტურას, ხელს უწყობენ ნაყოფიერების ამაღლებას.თ-ის შემოღების შესაძლებლობას განაპირობებს მიწათსარგებლობის პირობები (სახნავი მიწების ფართობი, ნაკვეთების სიდიდე და სხვ.).სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის თითოეული ზონისათვის რეკომენდებულია შესაფერისი მინდვრის, საკვები და სპეციალური თ-ის რამდენიმე სქემა, რაც საშუალებას იძლევა ზონის შიგნით კონკრეტული პირობებისათვის, ნიადაგის თვისებების, რელიეფისა და ტენით უზრუნველყოფის გათვალისწინებით შეირჩეს თ-ის ყველაზე მორგებული ვარიანტი. XXI ს. დასაწყისისათვის საქართველოში თ-თან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის თეორ. და პრაქტ. ნაწილში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.შ. ჭანიშვილი.