თეჯისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთის ძირას, წალკის წყალსაცავის ჩრდ-ით. სათავო სოფელი. ზ. დ. 1740 მ წალკიდან 20 კმ. 243 მცხ. (2014).სოფლის ძვ. სახელია ერან-თურანი, რაც ასახულია რუკებზე. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) იხსენიებს ერან-თურანის ხევს; რუკაზე კი მის ორ შენაკადზე აღნიშნულია სოფლები: თურანი – აღმ-ით, ერანი – დას-ით. XVI ს-ში ქართლის მეფე ლუარსაბმა თრიალეთის ნასოფლარი თურანი შესწირა წმ. გიორგის ჯვარს, რ-იც ერთხანს სადგერში, ხოლო შემდეგ ატოცში იმყოფებოდა, XVII ს. ერთი საბუთის მიხედვით, ნასოფლარი თურანი ქართველთა მეფეს ატოცის წმ. გიორგისათვის შეუწირავს. გივი თუმანიშვილს კი ნასოფლარი აღუდგენია, რის გამოც მეფემ მას თურანის მოურავობა უბოძა, ხოლო ატოცის დეკანოზმა – მოურავობის მოუშლელობის პირობა. ერანი XVIII ს. დასაწყისში ნასოფლარი იყო, 1721 აღწერით კი იგი სამეფო სოფელია, სადაც 4 გამომღები და 2 ბოგანო ყმა ითვლება. მოგვიანებით ამ ორი სოფლის გაერთიანებით შეიქმნა სოფ. ერან-თურანი. თ. უწოდეს ბერძნებმა, რ-ებიც XIX ს. 30-იან წლებში რუს. მთავრობამ არზრუმ-ბაიბურთ-გიუმიშხანედან თრიალეთში გადმოასახლა. ძველად სოფელში 4 ეკლესია იდგა, ორი მათგანის მხოლოდ ბუდეებიღა ჩანს. სოფლის ერთი ეკლესია ერთნავიანი ნაგებობაა, რ-იც გვიან დასახლებულ ბერძნებს საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვებით, გარს არტყია გალავანი. მისი მოზრდილი ლოდები უხსნაროდაა ერთმანეთზე დალაგებული. მეორე ეკლესია გორაზეა. იგი დარბაზულია. ორივეს საკუთარი საკურთხეველი და სატრაპეზო ლოდი აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა მინაშენიდან. ასეთივე კარი მინაშენის სამხრეთ კედელშიცაა მოწყობილი. სახურავჩაქცეული ეკლესია დიდი, უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. ეკლესიაში დაახლ. 5 მ სიმაღლისა და 1,5 მ სიგანის სუფთად გათლილი მენჰირი დგას. ზედ მაღალი ჯვარია ამოჭრილი. ეკლესიის ირგვლივ ვეება ლოდების მშრალი წყობით ამოყვანილი წრიული გალავანია, მის გარეთ – უფრო მცირე ზომის ლოდებით ნაწყობი ასეთივე წრიული ნაგებობა. საფიქრებელია, რომ ეს ციკლოპური გალავანი თავიდან გარს ევლებოდა მენჰირს, რ-ზეც შუა საუკუნეებში ჯვარი ამოჭრეს. ააგეს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების ეკლესია და მენჰირი შიგნით. ამჟამად თ-ში თურქულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ლიტ.: ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი ნაწ. 1–2, თბ., 1935; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, I, ზ. ალექსიძისა და შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1964; რუხაძე ტრ., პოეტი სვიმეონ დეკანოზი შოთას ძე (შოთაშვილი), «ლიტერატურული ძიებანი» III, თბ., 1947. დ. ბერძენიშვილი.