თვალადი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის თემში (შიდა ქართლის რეგიონი) მდ. კავთურის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 780 მ კასპიდან 14 კმ. 489 მცხ. (2014).თ. იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილთან (XVIII ს.) თვალივის სახელწოდებით: "თვალივს სასახლე მეფეთა, ნეშენობა დიდი". ფეოდ. ხანაში თ-ში ქართლის მეფეთა საზაფხულო სამყოფი იყო.სოფელსა და მის მიდამოებში ქართ. ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლია. სოფელში, ბორცვზე, აღმართულია გვიანდ. შუა საუკუნეების კავთის ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. მისგან დაახლ. 5 კმ-ზე, გორაკზე, დგას XIX ს. კავთის წმ. გიორგის ეკლესია. შუა სოფელში, ფერდობზე, XIX ს. სამების ერთნავიანი ეკლესიაა. ონოფრიანთ უბანში XIX ს. წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია დგას. მექანარიანთ უბანში, ამაღლებულ ადგილზე, აღმართულია გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. ნიკოლოზის ეკლესია. ხალხი ამ ადგილს მეფის ნასახლარს უწოდებს და ქართლის მეფე როსტომის (1632–58) სახელს უკავშირებს. ნამოსახლარის უკან (ძლევის ქედზე) გვიანდ. შუა საუკუნეების ძლევის ქედის წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესიაა. თავდაპირველად ეს იყო მცირე ზომის ნაგებობა, რ-საც XIX ს-ში დასავლეთიდან თითქმის მისივე მოცულობის სათავსი მიაშენეს. სამხრ. მინაშენი კიდევ უფრო გვიანდელია.სოფელში დგას ნ. ცხვედაძისა და გ. შატბერაშვილის სახლი.ლიტ.: ვახუშტი აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 5, თბ., 1990.ჯ. გვასალია. გ. კალმახელიძე.