თვალივი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ფშავის არაგვის მარცხ. მხარეს, მწვ. გორმაღლის დას. კალთაზე. ზ. დ. 1100 მ დუშეთიდან 22 კმ. 59 მცხ. (2014).სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მდ. არაგვის მარცხ. ნაპირას, გორმაღლის ტყიან ფერდობზე, მდებარეობს ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რ-ის მთავარი ნაგებობა – წმ. გიორგის ეკლესია – ხარჭაშნელ ეპისკოპოსთა კათედრალური ტაძარი იყო. ეპარქია მოიცავდა ერწო-თიანეთს, ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთს. ხარჭაშნელი ეპისკოპოსი პირველად XIII ს. მეორე ნახევრის ისტ. წყაროში იხსენიება (კათედრამ არსებობა შეწყვიტა XIX ს. დასაწყისში). თ-ის ეკლესია ერთნავიანი ნაგებობაა, რ-საც აღმ-ით ნახევარწრიული შვერილი აფსიდი აქვს, ნაგებია ნატეხი კლდის ქვით. აფსიდი გარედან შემოსილია შირიმის თლილი კვადრებით. დას-იდან მიშენებული აქვს აგურის სამრეკლო (დანგრეულია), რ-ის I სართული კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს. ინტერიერში, საკურთხევლის აფსიდის წინ, აგურით ნაგებ კანკელზე შემორჩენილია მოხატულობის ნაწილი – ვედრების კომპოზიცია და მის ორივე მხარეს მოციქულთა ფიგურების ფრაგმენტები. ეკლესიას ემჩნევა ძლიერი გადაკეთების კვალი. სტილისტიკური ნიშნების საფუძველზე ეკლესია VIII–IX სს-ით თარიღდება, ხოლო XVI ს-ში საფუძვლიანადაა გადაკეთებული. ეკლესიის დას. შესასვლელის ზემოთ კედლის წყობაში ჩართულია ფილა, რ-ზეც ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი.გარდა ტაძრისა, კარიბჭესა და ეკლესიის საკურთხეველს შორის შემორჩენილია ადრეული ეკლესიის საძირკვლის ნაშთი. ეკლესიის ეზოში, გალავნის აღმ. კედლის გასწვრივ, ხუთი სათავსის ნანგრევია. კომპლექსის გეგმით წრიული გალავნის სამხრ.-აღმ. კუთხეში ჩაშენებულია ოთხსართულიანი კოშკი.ლიტ.: ბარნაველი თ., კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1961; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2008; წერეთელი კ., სოფ. თვალივის წმ. გიორგის კათედრალური ტაძარი, კრ.: არქეოლოგიური ძიებანი, თბ., 1982; Записки общества любителей Кавказской археологии, под ред. А. Берже и Д. Бакрадзе, Тфл., 1875. კ. წერეთელი.