თიანეთის სამოურავო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გვიანდელ შუა საუკუნეების კახეთის სამეფოში. მოიცავდა ისტ. ერწო-თიანეთს. ამ სამოურავოს შემადგენლობაში ფშავ-ხევსურეთიც უნდა ყოფილიყო, რადგან ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ "ფშავლები მონებენ, ვისაცა უპყრავს თიანეთი". ფშავის მოურავი კი თიანეთში იჯდა. ივრის ხეობის ზემო წელის მომცველ თ. ს-ს აღმ-ით პანკისისა და თუშეთის სამოურავო ესაზღვრებოდა და სასაზღვრო ხაზი კახეთის ქედს გასდევდა; დას-ით – არაგვის საერისთავო, მათ შორის სასაზღვრო ხაზი კი ფშავის არაგვისა და გუდამაყრის არაგვის წყალგამყოფ გუდამაყრის ქედს გაუყვებოდა; სამხრ-ით – მარტყოფის სამოურავო, რ-იც მისგან კახეთის მთით გამოიყოფოდა; ჩრდ-ით – კავკასიონის ქედი. თიანეთის მოურავები კახეთის ფეოდ. გვარის წარმომადგენლები ჩოლოყაშვილები იყვნენ. XVIII ს. მიწურულისათვის თ. ს-მ, როგორც ჩანს, ფუნქციონირება შეწყვიტა. XVIII ს. და XIX ს. დასაწყისისათვის კახეთის ექვს სამოურავოთა რიგში თ. ს. აღარ იხსენიება.წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ზ. ცინცაძე.