თიანეთის ქვაბული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივრის ხეობის გაფართოებული მონაკვეთი თიანეთის მიდამოებში. შემოსაზღვრულია კახეთისა (აღმ-ით) და ქართლის (დას-ით) ქედებითა და მათი შტოქედებით, რ-ებიც ვრცელდება ზ. დ. 1060 მ-იდან 1700 მ-მდე. ქვაბულის ფსკერი ბრტყელი აკუმულაციური ვაკეა, აგებულია ალუვიურ-პროლუვიური მასალით, რ-ის სისქე რამდენიმე ასეულ მეტრს უდრის. ვაკე მიუყვება მდ. იორს და მის შენაკადებს – ქუსნოსა და საგამს. თიანეთთან ქვაბულის ფსკერის სიგრძეა 17 კმ სიგანე – 3–5 კმ. თ. ქ-ის ფერდობები აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით; დანაწევრებულია ხევებით.თ. ქ. მთლიანად შემოსილი იყო შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. ამჟამად ტყე მხოლოდ ფერდობებზეა შემორჩენილი. ქვაბულის ფსკერი კულტ. მცენარეულობას უჭირავს. ადგილ-ადგილ გვხვდება მეორეული მდელო-ბუჩქნარი. გ. ჩანგაშვილი.