თითა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასუფრე ყურძნის ჯიში. გავრცელებულია საქართვ. სხვადასხვა რ-ნში. განსაკუთრებით ცნობილია "ქართლური თითა", რ-იც შიდა ქართლსა და მესხეთში მოჰყავთ. ფოთოლი კვერცხისმაგვარი ფორმისაა, ძლიერ დანაკვთული, მარცვალი გრძელია, თითისებრი მოყვანილობის (აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც), ფერად მომწვანო-მოყვითალოა, მოტკბო-მომჟავო გემო და სუსტი არომატი აქვს. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა. შაქრიანობა – 18,4–19,8%; მჟავიანობა – 5,3–6,0 გ/დმ 3. მტევნის საშ. მასა 151 გ (მაქს. – 400 გ). მოსავალი ჰექტარზე 75–80 ც აღწევს.რ. რამიშვილი.თითების თეატრი თეატრალური წარმოდგენის სახეობა, სადაც შავად შემოსილი მეთოჯინეები (მსახიობები) თითებზე შემოცმული კოსტუმ-ხელთათმანებით წარმოადგენენ გარკვეული სიუჟეტებისა თუ ცეკვების პაროდიებს. დასაბამს იღებს თოჯინების თეატრიდან. თ. თ-ის სცენა წარმოადგენს მაგიდას (1 მ სიგრძისა და 50 სმ სიგანის). აქ მაყურებელი ხედავს მხოლოდ ხელის მტევნებს, თითებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თოჯინების თეატრშია. თ. თ-ის წარმოდგენებში გადამწყვეტი ფუნქცია პლასტიკურ გამომსახველობას, განათებასა და კოსტიუმების მხატვარს ენიჭება. საქართველოში თ. თ. დაარსდა 1991 რეჟისორისა და მსახიობის ბ. კუპრეიშვილის და მისი თანამოაზრეების თაოსნობით. თეატრის პირველი სპექტაკლი იყო "ექსტრავაგანსა", რ-იც შედგებოდა ქართული ცეკვების "ხორუმის", "ოსურისა" და "კარმენის" მიხედვით დადგმული ეტიუდებისა და მინიატიურული კოსტიუმების მოდების ჩვენებისაგან. დაარსების დღიდან თ. თ-მა არაერთი ჟანრისა და მიმართულების წარმოდგენა განახორციელა, მისი გამომსახველობის ძირითადი საშუალებები ყოველთვის ორიგინალურია და ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარზეა დაფუძნებული.2004 თბილისში შედგა თ. თ-ის ოფიციალური პრეზენტაცია განახლებული დასით. თეატრმა მდებარეობა რამდენჯერმე შეიცვალა. ამჯერად იგი წარმოდგენებს მართავს მარჯანიშვილის თეატრის შენობაში. თ. თ-ის დადგმებიდან აღსანიშნავია მ. უნტის, "ა" და "ბ" (1995, პრემია წლის ყველაზე თამამი თეატრალური იდეის განხორციელებისათვის), თ. გუჯენოღლუს "მატრიოშკა" (2000), ბრიტანული როკ-ჯგუფის პინკ ფლოიდის მუს. კომპოზიციაზე შექმნილი "კედელი" (2006). თ. თ-ში ასევე განხორციელდა შერეული ტიპის წარმოდგენები (ცოცხალი და თოჯინური პლანი): "ჩემი ჰამლეტი" (უ. შექსპირის მიხედვით, 2010), "სევილიელი დალაქი" (ჯ. როსინის მიხედვით, 2012), "თამაში მაგიდასთან" (2015), "ფიროსმანი – ზმანება" (2016) და სხვ.თეატრს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ფესტივალსა და პროექტში.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თითა&oldid=11515-დან“