თილითი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ისტორიულ ოდიშში. თ-ის თანამედროვე სახელია აბააჟვახუ. თ. დამოწმებულია 1516–1639 რამდენიმე საეკლ. დოკუმენტში და არქანჯელო ლამბერტის რუკაზე. საეკლ. დოკუმენტების მიხედვით თ-ში იყო ერთ-ერთი სასახლე დას. საქართველოს კათოლიკოსისა, რ-ის წინაშე ფეოდ. ვალდებულება ჰქონდა ამ სოფელში მოსახლე დაახლოებით ორმოცი ყმა გლეხის ოჯახს. თ-ის საეკლ. სასახლეში დიდი მშენებლობა ჩაუტარებია აფხაზეთის კათოლიკოსს მალაქია II-ს. ამ სოფელში რამდენიმე მსახურს აფხ. კათოლიკოსის სამხ. სამსახური ემართა. სოფელი დღეს აღარ არსებობს. თ-ის სასახლის ნანგრევები შემორჩენილია ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფ. თხინის ერთ-ერთ უბანში, რ-საც "კაპა ჟვაბუს" (სიტყვასიტყვით – "შენობის იქით") ეწოდება. ამ ნანგრევებს დღემდე "თლით აბაას", ანუ "თილითის შენობას" ეძახიან. ეს არის ნაგებობათა კომპლექსი გორაკზე, რ-საც გალავანი შემოუყვება. გალავნის შიგნით დგას ერთნავიანი ეკლესია. აქვე, ჩრდ. დას-ით, მდ. მოქვის მარცხ. ნაპირზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც არქანჯელო ლამბერტის რუკაზე სოფ. თ. არის მითითებული საცხოვრებელი პალატების ნანგრევებია. ეს სოფელი მოიშალა XVII ს. მიწურულში აფხ. მიერ ჩრდ.-აღმ. ოდიშის დაპყრობის დროს.ლიტ.: ბერაძე თ., ოდიშის სამთავროს პოლიტიკური რუკა არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, «მაცნე». ისტორიის სერია, 1973, #3. თ. ბერაძე.