თისელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ოშორის მთის ჩრდ. კალთაზე მდ. თისელისღელის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ზემოწელში. ზ. დ. 1300 მ ახალციხიდან 30 კმ აწყურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 9 კმ. 147 მცხ. (2014). თ. მდებარეობს ისტ. სამცხეში. XVI ს-ში სამცხე ოსმალებმა დაიპყრეს. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 თ. ახალციხის ლივის აწყურის ნაჰიეში შედიოდა; იქ ცხრა კომლი ქართვ. ცხოვრობდა, რ-ებსაც მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი (საზეთედ); ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი, ჰქონდათ ბოსტნები და იხდიდნენ გადასახადს 5000 ახჩის ოდენობით. 1829 ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით თ. სამცხესთან ერთად რუს. იმპერიაში შევიდა. 1838–39 თ-ის ტერიტორიაზე მოქმედებდა მინის მანუფაქტურული საწარმო, რ-ის ნაშთები დღესაც შეიმჩნევა. ამჟამად თ-ში მცხოვრებთა გვარებია: მჭედლიძე, ჭუმბურიძე, დათიაშვილი ტატურაშვილი თენოშვილი მახათაძე და სხვ. სოფლის სამხრ.-აღმ-ით, 1,5 კმ-ზე, ძვ. ნასოფლარია. ხევის მარჯვნივ, ქედზე ციხეა გალავანშემოვლებული ორი კოშკით. კედლები ნაგებია მეტ-ნაკლებად დამუშავებული ქვების ნარევი წყობით. ქვედა კოშკი მრგვალია და სამი მხრიდან სათოფურები აქვს; ზედა კოშკი ზურგიანია (იხ. ზურგიანი კოშკი), რ-ის ბრტყელი კედელი ციხის ეზოსკენაა მიქცეული; იგი როგორც ჩანს ორსართულიანი ყოფილა და მასაც სათოფურები ჰქონია. ციხის სიახლოვეს XIV–XV სს. მიჯნის ღვთისმშობლის პერანგშემოძარცვული გუმბათიანი ეკლესიაა (ჩუქურთმიანი ქვები სოფლის სახლებშია ჩატანებული), ეკლესიის ირგვლივ ახლაც მოქმედი სასაფლაოა, მახლობელ კლდეებში კი – გამოქვაბულები. ხეობის აყოლებით, წყლის ორი ტოტის შესაყარში, ფერდობზე დგას ერთნავიანი ეკლესია, რ-საც დას-იდან კვადრატული სამრეკლო ეკვრის. შემორჩენილია გალავნისა და სხვადასხვა მცირე სათავსის ნაშთები. ეკლესიის პერანგის კარგად დამუშავებული ლოდები აქაც შემოცლილია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ნაშთი ბერძნ. და ქართ. წარწერებით. ეკლესია XIV ს. დამდეგისაა. ხევის აყოლებით მიდის ცხენის სავალი გზა, რ-იც ოშორისა და ასპინძის ხევებში გადადის. ხეობის ორი ტოტის შესაყარში, კლდოვანსა და ტყიან მთაზე, კიდევ ერთი ციხეა. მისკენ მიმავალი ბილიკები ცალკეული კოშკებითა და კედლებითაა გადაკეტილი. ციხე ორნაწილიანია, ქვედა ციხეს გალავანი არტყია. კედლები ნაგებია კლდის ნატეხი ქვით და კირხსნარით. ზედა ციხეს კლდოვანი კონცხი უჭირავს, გალავანს ნახევარწრიული ბურჯები აქვს. ციხის ყველაზე მაღალ ადგილზე ოთხკუთხა კოშკია, რ-ის შემორჩენილი კედლის სიმაღლე არის 3 მ. ეს ციხე ზემოაღწერილ ციხეზე ძვ. უნდა იყოს და, როგორც ჩანს, განვითარებული შუა საუკუნეებისაა. შემორჩენილია თ-ის სვინაქსარი, რ-ის მინაწერები XIV–XVI სს. განეკუთვნება. მათგან ირკვევა, რომ თ-ის მონასტერი დიასამიძეთა ფეოდ. საგვარეულოს ეკუთვნოდა. ერთ მინაწერში იხსენიება ფიფნას ასული დოდა, რ-საც 300 თეთრი შეუწირავს თ-ის ღვთისმშობლის ეკლესიაში დამკვიდრებულ მონაზონთათვის ეკლესიის ასაგებად; ეს ეკლესია თ-ის გუმბათიანი ტაძარი უნდა იყოს. თ-ის მონასტერი შეწირულებათა სახით ფლობდა ყმა-მამულს სამცხე-საათაბაგოს სხვადასხვა სოფლებში. ლიტ.: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII–XVI სს., თბ., 1955; თისლისა და ხახულის ხელნაწერების მინაწერები დ. კლდიაშვილის გამოც. თბ., 1986; შარიქაძე თ., ბორჩალოს მაზრის სამრეწველო საწარმოთა ისტორიიდან, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1987, #2; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941. დ. ბერძენიშვილი.