თიტმარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Thietmari), XIII საუკუნის გერმანელი პილიგრიმი. მან მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე (1217–21) ცოტა ხნით ადრე მოინახულა წმინდა მიწა. თ-ის მონათხრობში მეტად საყურადღებოა შემდეგი ფაქტი: 1217, შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად რომ მიეღწია აკონიდან სინას მთაზე მდებარე წმ. კატერინას მონასტრამდე (სადაც ბევრი ქართვ. მოღვაწეობდა), თ-მა ჩაიცვა ქართვ. ბერის ტანსაცმელი და დაიყენა გრძელი წვერი ქართვ. ბერების ყაიდაზე. ეს შემთხვევა კარგად გვიჩვენებს ქართ. სახელმწიფოსა და ქართველების გავლენას მთელ მაშინდელ აღმ. სამყაროში. თ-ის ცნობით (1217), "ქართველები თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის, არიან მძლავრად შეიარაღებულნი და დიდ ზიანს აყენებენ სარკინოზებს. ატარებენ თმასა და წვერს, ყველა მათგანს აქვს ტონზურა როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებს: საერო პირებს – კვადრატული, სასულიეროებს – მრგვალი. აქვთ საკუთარი დამწერლობა და ახურავთ ერთი წყრთის სიგრძის ქუდები".ლიტ.: თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004. ა. თვარაძე.