თიღვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თიღვის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. დასავლეთის ფრონის მარჯვ. ნაპირზე. მუნიციპალიტეტისა და თემის ცენტრი. ზ. დ. 840 მ ყორნისიდან 2 კმ. თ. შიდა ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. პირველად იხსენიება X ს-ში "მატიანე ქართლისაში" ბაგრატ III-თან დაკავშირებით. ხშირად გვხვდება აგრეთვე XII–XVIII სს. ქართ. ისტ. წყაროებსა და საბუთებში. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილსაც (XVIII ს.). ერთ-ერთ საბუთში ნათქვამია, რომ თ. როსტომ მეფეს ზაალ წერეთლისთვის უბოძებია (1648). 1748 ერეკლე II-მ შანშე ქსნის ერისთავს განუახლა თ-ის კუთვნილების საბუთი. 1715 თ-ში 52 გლეხი ცხოვრობდა, 1804 – 25 კომლი, რ-ებიც ეკუთვნოდა ამირეჯიბსა და მაჩაბელს. სოფელში დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამონასტრო კომპლექსი რ-ის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. იგი ისტ. წყაროებში ჯვრის მონასტრის სახელითაცაა ცნობილი (ვახუშტი ბატონიშვილი). ეკლესიის ჩრდ. ფასადის კარის თავზე ასომთავრულით ამოკვეთილ ქტიტორულ წარწერაში მოხსენიებულია დავით აღმაშენებლის ასული თამარი. იგი თავისი ქმრის, შირვანის მეფის, გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, 1150–52 ეს მონასტერი ააშენა და მონაზვნად აღიკვეცა. დაკრძალულია იქვე.ტაძარი გეგმით სწორკუთხედში ჩახაზული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა აღმოსავლეთის აფსიდითა და სამი სწორკუთხა მკლავით. აფსიდებითვეა დასრულებული საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე სამკვეთლო და სადიაკვნეც. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და თავისუფლად მდგარ ორ ბოძს ეყრდნობა. ძეგლის თავისებურებას წარმოადგენს დას. მხარეს, ეკლესიის მთელ სიგანეზე მოწყობილი ნართექსი და მის თავზე, II სართულის დონეზე არსებული პატრონიკე, რ-იც დას. მკლავს სამი მხრიდან ეკვრის.თვით ნართექსი შედგება ერთმანეთისგან თაღით გამიჯნული, ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული, სამი კვადრ. ნაწილისგან. თითოეული მათგანი დას-ით თაღითაა გახსნილი (შემდეგში განაპირა თაღები ამოქოლეს და მხოლოდ შუაში დატოვეს გასასვლელი). თ-ის ეკლესია მკვეთრად გამოირჩევა ფასადების მორთულობის ასკეტური სიძუნწით, მაგრამ მისი მცირერიცხოვანი მოჩუქურთმებული საპირეები XII ს. ქართ. ხუროთმოძღვრული ორნამენტის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს მიეკუთვნება. ეკლესია გარედან შემოსილია სუფთად გათლილი მოწითალო ქვით, შიგნით კი შერეული მასალაა გამოყენებული ტაძრის არქიტ. მასების წყობა დახვეწილია. თორმეტწახნაგა პირამიდისებრი სახურავით გადახურული თორმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი მოხდენილად ეხამება შენობას. ჩანს რამდენიმე შეკეთების კვალი. ტაძარს გარს არტყია გალავანი, რ-ის შიგნით შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების სამონასტრო ნაგებობათა ნაშთი. ჩრდ. ნაწილში იდგა სასახლე. აქედან პირდაპირ მიემართებოდა კიბე ეკლესიის პატრონიკეებისაკენ. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.ლიტ.: მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963; რჩეულიშვილი ლ., თიღვა. შირვანის დედოფლის თამარის აღმშენებლობა, თბ., 1960; Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.ჯ. გვასალია. შ. საღარაძე.