თლუღი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა თლუღისა და ქვედა თლუღის გავრცელებული სახელწოდება. სოფელი თ. მდებარეობს ისტ. ქვემო რაჭაში, შაორის წყალსაცავის ჩრდ-ით, ამბროლაურის სამხრ-ით 15 კმ-ზე. ზედა თლუღში, სოფლის სასაფლაოზე, ნაეკლესიარია ტეხისის წმ. გიორგისა, რ-ის დღეობას – ტეხისობას – აღდგომის მესამე კვირას დღესასწაულობენ. ეკლესიიდან გადარჩენილია შენობის ბუდე (ფართ. 13 მ × 4 მ). 1926 ნაგებობა ჯერ კიდევ მდგარა რ-იც აღწერილი აქვს გ. ბოჭორიძეს. 1927 იგი დაუნგრევიათ და ქვა ადგილობრივი სკოლის მშენებლობისათვის გამოუყენებიათ. ეკლესია მთლიანად მოხატული ყოფილა. ჩრდ. კედელზე გამოსახული იყო მერაბ წულუკიძე და მისი მეუღლე ანიკა ჩიჯავაძე ეკლესიის მოდელით ხელში. იქვე ყოფილა მათი ვაჟის – გიორგის გამოსახულებაც. როგორც ჩანს, ტეხისის წმ. გიორგის ეკლესია მერაბ წულუკიძეს აღუდგენია და მოუხატვინებია XVII ს. II ნახევარში. წულუკიძეების სათავადო ქვემო რაჭის სამხრ. ნაწილს მოიცავდა და თლუღიც ამავე სათავადოში შედიოდა. ნაეკლესიარს აკრავს გალავანი, რ-იც სასაფლაოს დაუზიანებია. ნაეკლესიარის აღმ-ით, დაახლ. 200 მ-ზე, ქედის კლდოვან ბორცვზე, კოშკის ნანგრევია (ფართ. 7მ × 8მ). ნაგებია რეგულარულად ნაწყობი ადგილ. კლდის მოზრდილი ლოდებით და კირხსნარით. კოშკი სოფლიდან ეკლესიისკენ მიმავალ გზაზეა და ჩანს, რომ მისივე თანადროულია. 1544, როდესაც იმერთა მეფემ ბაგრატ III-მ აღადგინა ნიკორწმინდის მონასტერი, ეკლესია საეპისკოპოსო საყდრად აქცია, მას შესწირა სოფლები და ყმა-მამული; მათ შორის ჩამოთვლილია: "თლუღს: Hელმოკლიძე კვამლი ოთხი; კაციტაძე კვამლი სამი; კაბილაძე კვამლი ორი; თლუღს პარტახტი ერთი; ზემო თლუღს: კობახიძე კვამლი ერთი". ორივე სოფელში 200-მდე კომლია. იქ მოსახლეთა გვარებია: გურაბანიძე, ჭიჭინაძე, ქემოკლიძე, ცაგურიშვილი კბილაძე, ქევანიშვილი კაციტაძე, მიქაუტაძე, დონაძე, მუსერიძე, გოცირიძე, ციმაკურიძე, კობახიძე, გურგენიძე, როინიშვილი კვიტაშვილი ბელიაშვილი და სხვ. ლიტ.: ბერაძე თ., რაჭა, თბ., 1983; ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 6, თბ., 1977.დ. ბერძენიშვილი.