თოკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტის ვარგავის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალქალაქის პლატოზე, მდ. ფარავნის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1640 მ ასპინძიდან 28 კმ. 45 მცხ. (2014).თ. ისტ. ჯავახეთის სოფელია. მისი სახელწოდება განაპირობა კანიონიდან ციცაბო აღმართზე მიმავალმა დაკლაკნილმა ბილიკმა. სამხრ. საქართველოში სიტყვა თოკი, ბაწარი, ბილიკების სახელებად გვხვდება. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, 1595 სოფ. თ. ხერთვისის ლივაში, ტყიანი ჯავახეთის რაიონში შედიოდა. იქ 10 კომლი ქართვ. მოსახლე ცხოვრობდა: გოგინა თედორეს ძე, ივანე – ძმა მისი; ელია – ძე მისი; ქიტია გეგენასძე; რამაზა; პეტრე – ივანეს ძმა; ავგაროზის შვილიშვილი; გელენა – ძე მისი; გიორგი; ბადურა მასურას ძე. ისინი იხდიდნენ წლიურ გადასახადს 12000 ახჩის ოდენობით. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი; ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი, ჰქონდათ ბოსტნები და ერთი თვალი წისქვილი ექვსი თვით. ამჟამად თ-ში 30 კომლი ცხოვრობს, მათი გვარებია: თამარაძე, ზარიძე, თედორაძე, ლეკიშვილი.სოფელში დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIV ს. ერთნავიანი ეკლესია, რ-საც ჩრდილოეთიდან პატარა მინაშენი აქვს. ეკლესიის ეზოში მრავლადაა სტელები მათი ბაზისებით, აგრეთვე საფლავის ქვებად დადგმული ყოჩების და ცხვრების ქანდაკებები. ეკლესია ამჟამად რესტავრირებულია. ეკლესიის სამხრ.-აღმ-ით არის ძვ. სასაფლაო, უფრო ქვევით – ნასახლართა ბუდეები და ოთხკუთხა კოშკი; მისი ზომებია: გარედან – 20 მ × 12 მ შიგნიდან – 14 მ × 6 მ. ნაგებია რეგულარულად ნაწყობი თლილი ქვით და კირის ხსნარით, კედლის სისქე 3 მ-ია. ადგილობრივთა გადმოცემით, აქ ბეგს უცხოვრია, გვარად აბაშიძეს. თ-ის სამხრ.-დას-ით, კანიონში დაშვებული ბაღების გაღმა, კლდეზე წმ. გიორგის სამონასტრო კომპლექსია. კარგად ჩანს სამონასტრო ადგილის გასამაგრებლად ამოშენებული კედლები. გალავნის შიგნით სათავსების კვალია, რ-ებიც მონასტერს ეკვრის, აქვეა წყაროც. დღეს შემორჩენილი ნაგებობებიდან ყველაზე ძვ. უნდა იყოს დაყუდებული ბერის პატარა სამლოცველო, დას-ით გახსნილი თაღით. ამ პატარა ნაგებობას ნალისებრი თაღები აქვს. ერთნავიანი ეკლესია, როგორც ჩანს, შემდეგ არის აშენებული. მას მინაშენი აქვს ჩრდ-იდან. აღმ. და დას. სარკმლებს გარედან ამკობს წარბი ჯვრის გამოსახულებით. საკურთხეველში ორი მაღალი ნიში და სატრაპეზო ქვაა. ჩანს შელესილობისა და მოხატვის კვალი. ეკლესიის დას-ით ორი საცხოვრ. სათავსი ყოფილა ბერებისათვის. სამონასტრო კომპლექსი IX და XII სს-ით თარიღდება. ლიტ.: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2 თბ., 1941. დ. ბერძენიშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თოკი&oldid=11570-დან“