თოლია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Larus Linnaeus) წყალმცურავ ფრინველთა გვარი თოლიასებრთა ოჯახისა (Laridae Vigors), მეჭვავიასებრთა რიგი (Charadriiformes Huxley). ბინადრობს ზღვის ან შიდა წყალსატევების პირას. თ-ები საკმაოდ ერთგვაროვან ჯგუფს წარმოადგენენ, ახასიათებთ საკმაოდ მოზრდილი სხეული, გრძელი და მოხრილი ფრთები, საშუალო ზომის მასიური და ქვევითკენ ოდნავ მოხრილი ნისკარტი. თ-ების ზომა მერყეობს 25–81 სმ შორის, მასა 100 გ-იდან 2 და მეტ კგ-მდე. უმეტესობა შეფერილობით თეთრი ან ღია ნაცრისფერია, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა კონფიგურაციის შავი ნახატით თავზე; მუცელი თეთრი, წვრილნისკარტა, მამრებს გამრავლების პერიოდში მოვარდისფრო ან ჩალისფერი დაჰკრავს. ახალგაზრდა ფრინველი ჭრელია – შავი, ყავისფერი, რუხი და თეთრი მოკლე ზოლებით. ამგვარი შეფერილობა მათ მტაცებლებისაგან იცავს. თ-ები წელიწადში ერთხელ მრავლდებიან. თუ პირველი კვერცხდება დაიღუპება, მდედრი კვერცხებს კვლავ დებს. ბუდის ადგილს მამრი ირჩევს და აშენებს კიდეც. ბუდეს იკეთებენ მარჩხობებში, კლდეებსა და ლერწმის ბარდებში, ზოგჯერ პირდაპირ მიწაზეც. კრუხობს და მართვეებს კვებავს ორივე მშობელი. თ-ების ძირითადი საკვებია თევზი, ასევე მოლუსკები, ჭიები, კანეკლიანები, მღრღნელები, ამფიბიები, მწერები, ზოგჯერ ლეში, კენკრა. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში თ-ების სახეობათა უმეტესობამ განიცადა სინანთროპიზაცია, ისინი ადამიანის ახლოს სახლდებიან და ნაგავსაყრელების ხშირი სტუმრები არიან. თ. დებს 1–4 მორუხო ჭრელ კვერცხს. 20–30 დღეში, უმეტეს შემთხვევაში კი 24–26 დღეში იჩეკებიან ბუმბულით დაფარული მართვეები. სხვადასხვა სახეობის თ-ები ფრენას 4–6 კვირაში იწყებენ. სქესმწიფობას მცირე ზომის თ-ები 2-3 წლის ასაკში აღწევენ, დიდი ზომისანი კი – 5 წლის ასაკში. თ. მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, გვხვდება 60-მდე სახეობა, მათგან საქართველოში – 14 სახეობა თუ ზოგიერთი მკვლევრის აზრს გავითვალისწინებთ და მეზღვიებსაც თ-ების ოჯახში გავაერთიანებთ, მაშინ თოლიასებრთა ოჯახი ჩვენში 17 სახეობამდე გაიზრდება.საქართველოში გვხვდება: ვერცხლისფერი თ. (Larus argentatus Pontoppidan), სომხური თ. (Larus armenicus Buturlin), ოდუენის თ. (Larus audouinii Payraudeau), კასპიური თ. (Larus cachinnans Pallas), ხმელთაშუაზღვის თ. (Larus michahellis Naumann), ვეჟანი თ. (Larus canus Linnaeus), ფრთაშავი თ. (Larus fuscus Linnaeus), წვრილნისკარტა თ. (Larus genei Breme), მოხარხარე თ. (Larus ichthyaёtus Pallas), ზღვის დიდი თ. (Larus marinus Linnaeus), მასით 2 კგ-მდე აღწევს; შავთავა თ. (Larus melanocephalus Temminck), მცირე თ. (Larus minutus Pallas) მასით 100–150 გ არ აღემატება; ჩვეულებრივი თ. (Larus ridibundus Linnaeus), სამთითა თ. (Rissa tridactyla Linnaeus). მეზღვიები ამჟამად, მკვლევართა უმეტესობის აზრით, ცალკე ოჯახადაა გამოყოფილი, ესენია: გრძელკუდა მეზღვია (Stercorarius longicaudatus Vieillot), მოკლეკუდა მეზღვია (Stercorarius parasiticus Linnaeus), საშუალო მეზღვია (Stercorarius pomarinus Temminck). საქართველოში 4 სახეობის თ. მობუდარია, 10 ან 13 კი – მიმომფრენი. ჩვენში ბუდობს სომხური, ხმელთა შუაზღვის ვეჟანი და ჩვეულებრივი თ-ები.ა. ბუხნიკაშვილი.