თოლოსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ძვ. ბერძნ. thólos), ცრუ გუმბათით გადახურული წრიული გეგმის მქონე შენობა, ხუროთმოძღვრულ ნაგებობათა ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გავრცელებული ტიპი. წინა აზიაში თ-ები შენდებოდა უკვე ენეოლითის ხანაში (არპაჩია, ჰალაფი და სხვ., ძვ. წ. VI–IV ათასწლ.). საქართველოში ალიზით ნაგები უძველესი ცრუგუმბათიანი შენობები აღმოჩენილია ადრინდ. მიწათმოქმედთა ნამოსახლარებზე (შულავერი, არუხლო, იმირის გორა და სხვ., ძვ. წ. VI–IV ათასწლ.). თ-ის სახელით უფრო ხშირად მოიხსენიება კრეტა-მიკენურ სამყაროში გავრცელებული ცრუგუმბათიანი მრგვალი აკლდამები. ადრინდ. მინოსური ხანის (ძვ. წ. III ათასწლ.) უძველესი თ-ები აღმოჩნდა კ. კრეტაზე, აგია-ტრიადასთან და ფესტოსის მახლობლად, ლებენაში. ზოგი თ. გამოიყენებოდა თითქმის 500 წლის განმავლობაში, ძვ. წ. XIX–XVIII სს-მდე. შუა მინოსური ხანის თ-ები აღმოჩნდა კნოსოსსა და ფესტოსში. კონტინენტურ საბერძნეთში თ. პირველად გაჩნდა მიკენურ ხანაში (ძვ. წ. XIV–XIII სს-ში); ცნობილია მიკენის სასახლის გალავანს გარეთ გათხრილი გრანდიოზული თ. – ე. წ. ატრევსის საგანძური, რ-იც აქეური საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ხუროთმოძღვრული ძეგლია.ანალოგიური კონსტრუქციის თლილი ქვით ნაგები თ-ები აღმოჩენილია საქართველოშიც, ბორჯომის ხეობაში.ძვ. ბერძნები თ-ს უწოდებდნენ ეზოში ჩადგმულ გუმბათისებრ სათავსებს, რ-ებიც სამზადებად და სანოვაგის შესანახად გამოიყენებოდა. კლასიკური ხანის ათენში თ. ეწოდებოდა ბულევტერიონის მახლობლად არსებულ წრიულგეგმიან ნაგებობას, რ-შიც დღის განმავლობაში ისხდნენ პრიტანები (ათენის ხუთასთა საბჭოს მორიგე წევრები) და იქვე სადილობდნენ საზ-ბის ხარჯზე სხვა სახელმწ. მოხელეებთან და ცალკეულ დამსახურებულ მოქალაქეებთან ერთად.ხუროთმოძღვრებაში თ. (ან ფოლოსი) ეწოდება აგრეთვე წრიული მოხაზულობის გეგმის მქონე შენობას, რ-იც აღმართულია საფეხურებიან პოდიუმზე და გარშემორტყმულია სვეტნარით.ი. გაგოშიძე.