თომა არწრუნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

X ს. სომეხი ისტორიკოსი, ცნობილ ნახარართა (დიდგვაროვან, მსხვილ ფეოდალთა) – არწრუნთა გვარის წარმომადგენელი. იგი სას. პირი იყო და, როგორც ვართაპეტს (მოძღვარს), საპატიო ადგილი ეკავა თავის წრეში. თ. ა-ის ძირითადი ნაშრომი "არწრუნთა სახლის ისტორია", ავტორის წინასიტყვაობის მიხედვით, დაწერილია ვასპურაკანის მთავრების – გრიგოლისა და მისი ვაჟის გაგიკის – დაკვეთით. თ. ა-ის ამ თხზულებაში გადმოცემულია არწრუნთა გვარის გენეალოგია და ვასპურაკანის ისტორია უძველესი დროიდან X ს-მდე, ამასთან ერთად მოთხრობილია დანარჩენი სომხეთისა და სომხეთის მეზობელი ქვეყნების შესახებაც. თავისი მოგვარე მთავრების მეხოტბე ისტორიკოსი მიკერძოებით და გაზვიადებულად წარმოგვიდგენს ვასპურაკანისა და მისი მთავრების როლსა და მნიშვნელობას სომხ. ისტორიაში, ხოლო სომხეთისას – დანარჩენ კავკასიაში. ის, რომ ირანელთა პოლიტ. ტრადიციების გამგრძელებელმა არაბებმა თავის წინამორბედთა მსგავსად დანარჩენი კავკასიის დასაპყრობ ბაზად სომხეთი აირჩიეს, საკმარისი აღმოჩნდა, რათა თ. ა-ს, ზოგიერთ მის თანამემამულეთა მსგავსად, სომხეთი კავკასიაში ჰეგემონად, საქართველო და ალბანეთი კი მის მორჩილ ქვეყნებად წარმოედგინა. ისტ. მასალისადმი ტენდენციური დამოკიდებულების მიუხედავად, თ. ა. არაერთ საყურადღებო ცნობას გვაწვდის მისი თანადროული საქართველოს შესახებ. იგი საგანგებოდ აღნიშნავს ბუღა თურქის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლებში ქართ. ტომის წანარების სიმამაცეს, რ-ებმაც აიძულეს არაბთა სარდალი გასცლოდა მათ ციხესიმაგრეებს. წანართა გმირობას ამიერკავკასიის სხვა ხალხებიც გაუმხნევებია და ფართო გამოძახილი მოჰყოლია შედარებით შორეულ ვასპურაკანის სამთავროში. თ. ა. ასევე საგანგებოდ წარმოაჩენს ქართვ. კონსტანტი (კოსტანტი) კახის და ალვანელი სოლომონის მოწამებრივ სიკვდილს სარწმუნოებისა და მამულისათვის. საყურადღებოა, აგრეთვე, მისი ცნობა საქართველოში ბუღა თურქის ლაშქრობის თარიღის დასაზუსტებლადაც.ლიტ.: მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941; ცაგარეიშვილი ე., თომა არწრუნისა და ანონიმი ისტორიკოსის ცნობები საქართველოს შესახებ, «მრავალთავი», IV, თბ., 1975.გ. მაისურაძე.