თომა მეწოფეცი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეწოფელი (1376/79 – 1445), სომეხი ისტორიკოსი, ვასპურაკანის ქაჯბერუნის ოლქის სოფელ აღიოვოტიდან. მისი მშობლები აზნაურთა ფენას ეკუთვნოდნენ. თ. მ-მა პირველდაწყებითი განათლება მეწოფის მონასტერში მიიღო, შემდეგ კი ცოდნა სხვა მონასტრებში გაიღრმავა, მაგრამ კავშირი მეწოფის მონასტერთან არ გაუწყვეტია, რის გამოც "მეწოფეცი" (მეწოფელი) შეარქვეს. თ. მ. სომხ. ეკლესიისა და სარწმუნოების თავგადადებული დამცველი იყო და ებრძოდა ყოველგვარ ანტიმონოფიზიტურ მიმდინარეობას, მათ შორის – სომეხ უნიტარებს, ქართვ. ქალკედონიტებს და სხვებს. ქალკედონიტების მიმართ მისი დამოკიდებულების მიუხედავად, სომხეთის გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებად მას ქართ. სახელმწიფოს მფარველობა მიაჩნდა. ეს გაორებული დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მიმართ ცხადად ეტყობა მის საისტ. თხზულებებს. ერთი მხრივ, იგი გულისტკივილით აღწერს მომთაბარე ურდოების მიერ საქართველოს გავერანებას, მეორე მხრივ კი, ვერ ივიწყებს კონფესიურ სხვაობას ქართველებთან. თ. მ-ის ძირითადი ნაწარმოებია "ისტორია თემურლენგისა და მისი შთამომავლობისა", რ-შიც უხვადაა საყურადღებო მასალა XIV–XV სს. ქართლის პოლიტ. მდგომარეობის შესახებ. თხზულებაში გადმოცემული ისტ. სიუჟეტებიდან ყურადღებას იქცევს თემურლენგის მიერ 1386 ბაგრატ V-ის შეპყრობა და შემდგომ განვითარებული ამბები, 1402 გიორგი VII-ის მარცხი და ქართლის აოხრება, 1416 ახალციხის დარბევა ყარა-იუსუფის მიერ, 1438 სივნიეთის პატრონის ბეშქენ ორბელიანის მოწამვლა და ალექსანდრე I-ის დამოკიდებულება სომეხთა მიმართ, 1440 ჯეჰან-შაჰის მიერ სამშვილდისა და თბილისის აოხრება და სხვა. საინტერესოა, აგრეთვე, მისი ცნობები საქართველოს ეთნ. შემადგენლობის შესახებ.საქართველოსა და სომხეთის გარდა თ. მ. უაღრესად საყურადღებო ცნობებს გვაწვდის აღნიშნული პერიოდის შუა აზიის, ირანის, სირიის, მცირე აზიის და ჩრდ. აზერბაიჯანის პოლიტ. და რელიგ. ვითარების შესახებ.თხზ.: ისტორია თემურ-ლენგისა და მისი შთამომავლობისა კ. კუციას გამოც., თბ., 1987.ლიტ.: მელიქსეთ-ბეგი ლ., თომა მეწოფელი, თბ., 1937; მისივე, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941. გ. მაისურაძე.