თომიზმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თომა აკვინელის (XIII ს.) თეოლოგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული მსოფლმხედველობა. თ-ში ქრისტ. ტრადიცია, არისტოტელურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით, სისტემ. ერთიანობის სახით არის წარმოდგენილი. თომა აკვინელი, არისტოტელეს მსგავსად, გრძნობადი შემეცნების მნიშვნელობას ხაზგასმით აღნიშნავს. სწორედ ამგვარი შემეცნების მეშვეობითაა შესაძლებელი საერთო საწყისი პრინციპების ჩამოყალიბება. თომა აკვინელის მოძღვრებას დიდი გავლენა ჰქონდა ქრისტ. ფილოსოფიასა და თეოლოგიაზე. თ-ის მრავალი დებულება კათოლ. ეკლესიის მიერ ოფიც. მოძღვრებად იქნა აღიარებული. XIX–XX სს. თომა აკვინელსა და მის მიმდევრებზე დაყრდნობით განვითარდა ე. წ. "ნეოთომიზმი", როგორც "ნეოსქოლასტიკის" მთავარი მიმართულება. ნეოთომიზმის მთავარი ყურადღების საგანია სინამდვილესა და შესაძლებლობას შორის მიმართება, არსებულთა იერარქიის პრინციპი, ბუნების ფილოსოფია, ინტელექტისა და ნების მიმართება, ღმერთისა და სასრული არსებების მიმართება. ნეოთომიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ჟ. მარიტენი (1882–1973).თომა აკვინელის მოძღვრების შესახებ ჯერ კიდევ XVIII ს. ქართველ მოაზროვნეებს ჰქონდათ სარწმუნო ცნობები. ა. ბაგრატიონი თავის ადრეულ ნაშრომში "სპეკალი" (1752), ალბერტ დიდთან ერთად თომა აკვინელსაც მოიხსენიებს. თომა აკვინელის თეოლ. მოძღვრება ცნობილი იყო XIX ს. საქართველოში. ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელმა (1815) ქართულად თარგმნა თომა აკვინელისა და მისი მასწავლებლის, ალბერტ დიდის მოძღვრებათა მნიშვნელოვანი ასპექტები. ეს მოძღვრებები საქართველოში სომხეთის გზითაც შემოდიოდა. XX ს-ში, კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ქართ. აზროვნებაში თეოლ. (მათ შორის, კათოლ. და სხვ.) ტრადიციის კვლევა-ძიება, ფაქტობრივად, შეწყდა. თუმცა არსებობდა გამონაკლისებიც: 1) ნ. ნათაძემ 1973 საგანგებო მონოგრაფია დაწერა თომა აკვინელის ფილოსოფიის შესახებ; 2) გ. თევზაძემ თომა აკვინელის მოძღვრების შესახებ XX ს. მეორე ნახევარში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნ. სტატია შექმნა. საბჭოთა პოლიტ. რეჟიმის ცვლილების კვალდაკვალ, თომა აკვინელისა და თ-ის მიმართ ინტერესი ქართ. ფილოსოფიაში გაიზარდა. უფრო მეტიც, XXI ს. ქართ. ფილოსოფიაში თომა აკვინელი შუა საუკუნეების ავტორთაგან ერთ-ერთი პრიორიტეტული ავტორი აღმოჩნდა. მისი მოძღვრება შუა საუკუნეების ლათინურენოვანი ფილოს. წარმომადგენელთა შემეცნების თეორიების ანალიზის დროს უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ალბერტ დიდის, დ. ფრაიბერგელისა და თომა აკვინელის მოძღვრებები ინტელექტის შესახებ, ფილოს. და თეოლ. ურთიერთმიმართების საკითხი და ა. შ. ამ პრობლემებზე სპეც. ქართულენოვანი გამოკვლევები ეკუთვნის თ. ირემაძეს.ლიტ.: თევზაძე გ., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1996; ირემაძე თ., ფილოსოფიური კომენტარის საკითხები შუა საუკუნეებში, «ფილოსოფიური განაზრებანი» # 1, თბ., 2001; მისივე, დავა ინტელექტის ერთიანობის შესახებ (ავეროესი, ალბერტ დიდი, თომა აქვინელი), «ენა და კულტურა» # 2, თბ., 2001; მისივე, დიტრიხ ფრაიბერგელი აზროვნების აქტიური ბუნების შესახებ, «ფილოსოფიური განაზრებანი» # 2, თბ., 2002; მისივე, თომა აქვინელის ჰერმენევტიკული საქმიანობა, კრ.: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი თბ. 2008; ირემაძე თ., ღმერთის ცნება გერმანელ დომინიკანელთა სკოლაში (ალბერტ დიდი და დიტრიხ ფრაიბერგელი), იქვე; მისივე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე, თბ., 2013; ნათაძე ნ., თომა აქვინელის ფილოსოფია, თბ., 1973.თ. ირემაძე.