თორაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე (ლექსო) დავითის ძე (დ. 30. V. 1952, თბილისი), პიანისტი. ა. კასაგრანდეს (იტალია, 1975) და ვან კლაიბერნის სახ. (აშშ, 1976) საერთაშ. კონკურსების ლაურეატი.1969 ჩაირიცხა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში (პროფ. ე. გურევიჩის კლასი). 1970-იდან სწავლა განაგრძო მოსკ. კონსერვატორიაში, რ-იც დაამთავრა 1975 (ბ. ზემლიანსკის კლასი). ერთხანს სწავლობდა ი. ზაკთან. 1978 დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა (პროფ. ლ. ნაუმოვის კლასი) და დაიწყო აქტ. საშემსრულებლო მოღვაწეობა. ამავე წელს გასტროლები გამართა სსრკ-ის ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (აშშ, ბულგარეთი, იტალია). თ-ის შესრულებას ახასიათებს მასშტაბურობა, ვირტუოზულობა, არტისტული ტემპერამენტი. მისი რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს. აღიარება მოიპოვა ვ. ა. მოცარტის, ფ. ლისტის, ს. პროკოფიევის, ს. რახმანინოვის და სხვ. ნაწარმოებთა შესრულებით. 1983-იდან ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედ. მოღვაწეობას. თ. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი პიანისტია. ქ. საუზბენდში (ინდიანის შტატი) ადგილობრივ უნ-ტში დაარსებული აქვს მუს. სტუდია, რ-მაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუს. აღმზრდელობითმა ცენტრმა. აქ ოსტატობას სრულყოფენ ახალგაზრდა ქართვ. პიანისტებიც. 2005 თავისი სტუდიის წევრებთან და აღზრდილებთან ერთად ფართო საკონცერტო გასტროლები გამართა საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. სისტემატურად ჩამოდის თბილისში, მართავს კონცერტებს, საქველმოქმედო საღამოებს. ლიტ.: ტორაძე გ., გამოჩენილი ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე, ჟურნ. «ხიდი», 2004 #2. გ. ტორაძე.