თორელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამრეკელ კახას ძე, XII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე ქართველი დიდგვარიანი ფეოდალი. საისტ. წყაროებში იხსენიება 1177–90 წლების ამბებთან დაკავშირებით. მან მემკვიდრეობით მიიღო თორის მამული და თეძმის ხეობა, აგრეთვე სახელო ქვეყანა – ჯავახეთი რ-საც განაგებდა როგორც ახალქალაქის ერისთავთერისთავი. 1177 თ. (ისევე, როგორც სამხრ. საქართველოს სხვა ფეოდალები) თავის მამასთან ერთად მიემხრო ორბელთა მეთაურობით დემნა (დემეტრე) უფლისწულის გასამეფებლად მოწყობილ ამბოხებას, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, მიატოვა აჯანყებულები და გიორგი III-ის მხარეზე გადავიდა. ამის შემდეგ იგი თანდათანობით დაწინაურდა სამეფო კარზე. 1185 თამარ მეფემ თ-ს უბოძა ამილახვრობა და ციხე-ქალაქი თმოგვი (რ-იც ჩამოერთვა გადაყენებულ მსახურთუხუცეს აფრიდონს). 1186, ამირსპასალარ სარგის მხარგრძელის სიკვდილის შემდეგ, თამარმა თ-ს ამირსპასალარობა უწყალობა. თ., როგორც მონაპირე მხარის, ჯავახეთის, ერისთავთერისთავი მტრებისგან იცავდა საქართვ. სამხ. საზღვრებს. 1186–87 მან დაამარცხა არანიდან და გელაქუნიდან შემოსეული თურქები და განდევნა ისინი პალაკაციოდან და ძაღლისხევიდან (სამხრ. საქართველო). თ-ის სარდლობით მეფის ლაშქარმა ჯავახეთში დაამარცხა იური ანდრიას ძის (გიორგი რუსის) გასამეფებლად ამბოხებული ფეოდალები, რ-თაც სურდათ ახალქალაქისა და თმოგვის ხელში ჩაგდება.თ-ის გარდაცვალების შემდეგ თამარმა მის სახლს დაუტოვა როგორც თორის მამული, ისე ახალქალაქის საერისთავთერისთავო, მაგრამ ამირსპასალარობა გადასცა არა თ-ის შვილს, არამედ ზაქარია მხარგრძელს. გამრეკელის სახლს თამარმა ჩამოართვა აგრეთვე თმოგვი და სამამულედ უწყალობა სარგის ვარამის ძე მხარგრძელს (თმოგველთა სახლის დამფუძნებელს).წყარო: სტეფანოს ორბელიანის "ცხოვრება ორბელიანთა"-ს ძველი ქართული თარგმანები, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1978. იხ. აგრ. სტ-თან თორელები. ნ. შოშიაშვილი.