თორის ქვაბული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთიანი ქვაბული ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში. მოიცავს მდინარეების გუჯარეთისწყლისა და ბორჯომულის (მტკვრის მარჯვ. შენაკადები) აუზებს. სამი მხრივ შემოსაზღვრულია თრიალეთის ქედის ტოტებით: ჩრდ-ით – გვირგვინას ქედით, აღმ-ით და სამხრ-ით – ციხისჯვრის ქედებით, დას-ით კი ღიაა ბორჯომის ხეობისაკენ. ქვაბული დანაწევრებულია ბორჯომულის, გუჯარეთისწყლისა და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადების ხეობებით. დამახასიათებელია რელიეფის ტექტონ.-ეროზიული და ნაირგვარი ვულკანური ფორმები. მეოთხეული პერიოდის ვულკანურმა პროცესებმა არსებითი როლი შეასრულა ქვაბულის ბუნებაზე. თ. ქ-ის სხვადასხვა სახის ყომრალი ნიადაგი მეტწილად ტყითაა დაფარული, ძირითადად მუქწიწვოვნებით (სოჭი, ნაძვი) და წიფლით. არის ნაძვნარ-ფიჭვნარი და ფიჭვნარ-ფოთლოვანი ტყეებიც, ზოგან – მარტო ფიჭვნარიც. გვირგვინასა და ციხისჯვრის ქედების თხემებზე სუბალპ. მდელოებია. სუფთა ჰავა ბუნებრივი ტყეები, მინერ. წყლების სიუხვე, ლამაზი წყალსატევები (კახისის, წეროს, დაბაძველის ტბები), განუმეორებელი თვალწარმტაცი ლანდშაფტი, თ. ქ-ს მნიშვნელოვან ჯანმრთელობის კერად აქცევს. აქ მდებარეობს შესანიშნავი ბალნეოლ. და კლიმ. კურორტები: ბორჯომი ცემი წაღვერი ლიბანი ბაკურიანი ტბა და სხვ.დ. უკლება.