თორნიკე ერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 985), სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე. ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში, მოღვაწეობდა. 979 თ. ე-ს ბიზანტ. სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა იგი დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. თ. ე. თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა და შემოთავაზებაზე უარს ამბობდა მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა. დავით კურაპალატმა თ. ე-ის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რ-ებმაც სძლიეს სკლიაროსს და ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. ბიზანტ. ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თ. ე-ს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წლის ახლო ხანებში თ. ე-ს ბიზანტ. კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თ. ე-ის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978) და კირილე ალექსანდრიელის თხზულების "განძის" – 981 წლის ნუსხა.წყარო: გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაQ იოვანესი და ეფთUმესი, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 2, თბ., 1967. ა. ბოგვერაძე.