თორღვას ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეების კოშკი აღმართულია სოფ. მუცოს განაპირას ჩრდ.-დას-ით, მაღალი კლდის შუა წელზე. კონტროლს უწევდა არხოტისწყლის გასწვრივ გამავალ გზას და იცავდა მუცოს მისადგომებს. ციხის სახელი დაკავშირებულია ვინმე თორღვასთან, რ-იც თემის მიმართ გარკვეული დამსახურებისათვის ერთხანს აღზევებულა, მაგრამ შემდეგ, როდესაც მოინდომა თემზე გაბატონება, თემი აღსდგა მის წინააღმდეგ. იგი ამ ბრძოლამ შეიწირა კიდეც. სწორედ მისი აღზევების დროსაა აშენებული მისი საცხოვრებელიც. იგი მდებარეობს მუცოს ზედა ტერასაზე "ზენუბანში" – კლდოვან პლატფორმაზე, რ-საც "ბროლის კალოსაც" უწოდებენ. აქ ჩრდ-აღმ. ნაწილში არის ზღუდის ნაშთი ვიწრო გასასვლელით, რ-იც მიემართება ტერასის ბოლოში აღმართული თორღვას სამსართულიანი კოშკურა საცხოვრებლის – ციხე-სახლისაკენ. მას სამი მხრიდან უფსკრული აკრავს. ნაგებია ფიქალით, ხოლო კედლებში სათოფურებია დატანებული.ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2008; ქალდანი ა., თორღვას ციხე მუცოსა, «ძეგლის მეგობარი» 1983, <ბრ />#62.