თოფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლსასროლი ხელის იარაღი. "ცეცხლის სასროლი, ხელმეხა ქართულად ჰქვიან" (სულხან-საბა). ევროპაში გაჩნდა XIV–XV სს-ში.ძვ. ქართ. წყაროების მიხედვით, თ. საქართველოში XV–XVI სს-ში გავრცელდა. XVI ს. II ნახ-ში ქართ. ციხესიმაგრეებს სათოფურები ჰქონდათ დატანებული. სათოფურები საცხოვრებელ სახლებსაც ჰქონდა (მთიულეთ-გუდამაყარი, ხევსურეთი, სვანეთი და სხვ.). XVI ს. 80-იან წლებში თ-ით აღჭურვილთა რიცხვი მხოლოდ 4 პროცენტს შეადგენდა, XVIII ს. II ნახ-ში კი ქართველთა ლაშქრის 38% უკვე თ-ით იყო შეიარაღებული. XVIII ს. დამდეგს კაჟიანმა თ-მა შუბი განდევნა ჯარის შეიარაღებიდან. საქართველოში თავდაპირველად დიდ თოფს – (ფილთა, ჩაქალოზი, გრძელ და პირფართო ჯაჭაირი) ხმარობდნენ. მათში ტყვია-წამალს თ-ის ლულის ტუჩიდან ტენიდნენ და საბჯენზე დამაგრებულიდან ისროდნენ. დიდი თ-ები გამწევი ძალით გადაჰქონდათ. ხელმეხები იყო: მაჭახელა, სიათა, შაშხანა, ერჯიბი, ბაზალა, ოსტამური, ხარა, ჩარმა, ხოროსანი, ყარაბინი, ჯოფაჩი და სხვ. საბრძოლო თ-თან ერთად გავრცელებული იყო სანადირო თ-ებიც. საუკეთესო თ-ის ლულები საქართველოში ევროპიდან ყირიმის სახანოს გამოვლით შემოჰქონდათ. შემოდიოდა ინგლისური, რ-საც ყირიმს ან ხირიმს უწოდებდნენ, ფრანგული – მაჟარა, უნგრული თ-ები და სხვ. მათ ასლებს საქართველოშიც ამზადებდნენ. საუკეთესო თ-ის ლულა შიგნიდან ღარიანი იყო. უღარო იყო სანადირო თ. თ-ის ჩახმახს "მოკვესილი ერქვა ქართულად" (სულხან-საბა). ადრე თ-თვის კაჟს არჩევდნენ, შემდეგ პატრუქს იყენებდნენ. პატრუქი შეცვალა ნემსიანმა ჩახმახმა. ეროვნ. თ-ების დასამზადებლად ერეკლე II-ს თოფხანა (არსენალი) დაუარსებია. ასევე ქართვ. მეფეების თოფხანა ყოფილა სოფ. ტყვიავში სადაც ეროვნ. თ-ებს ამზადებდნენ თოფჩიშვილები თოფაძეები სხვებთან ერთად. თ-ის ლულის დასამზადებელი ჩარხები დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმში, ბათუმის, ახალციხისა და მესტიის მუზეუმებში. ისტ. დოკუმენტების მიხედვით, ჩახმახებს ამზადებდნენ თბილისში, ცხინვალში, ოზურგეთში და სხვ. მაჭახელაში – აჭარაში არჩევდნენ თ-ის ორ სახეობას: თოხანასა და ნალფარას. თოხანას ხრახნიანი ლულა და გარედან ქართ. წარწერები ჰქონდა. მაჭახელამ სახელი გაითქვა საქართველოსა და თურქეთში. გამოყოფდნენ სვანურ "ლუშნუ თვეფს", ფშაურ და თუშურ თ-ებს. ადგილობრივი წარმოების თ-ები XIX ს-ში რუსულმა თ-მა შეცვალა.საქართველოში სწამდათ თ-ის გაცუდება. ასეთი თ. ნათლისღების დღეს მდინარესთან მიჰქონდათ, სადაც თ-ს მღვდელი ხსნიდა. ტრადიციულად, ქართველები ახალ წელს, ვაჟიანობას, სახლის აშენებას, ომის დაწყება-დამთავრებას თ-ის გასროლით აღნიშნავდნენ, ხოლო თ-ის ჩუქება დამეგობრების და შერიგების ნიშნად ითვლებოდა. თ-ს ეკლესიებსაც სწირავდნენ.საქართვ. ეროვნ. მუზეუმში დაცულია ადგილობრივი წარმოებისა და შემოტანილი თ-ების დიდი კოლექცია, ლულის დასამზადებელი დაზგები და სხვ. აქვეა ერეკლე II-ის თ. წარწერით: "მე ვარ თოფი მუსაიფი კახთ-ბატონის ერეკლესი", აგრეთვე ქართვ. მეფეების (ბაქარი, კონსტანტინე, გიორგი XII, სოლომონ I, სოლომონ II), ნიკო ბურის წარწერიანი თ-ები და სხვ.ლიტ.: კახაძე ნ., მაჭახელის ხეობა, თბ., 1974; ჩოლოყაშვილი კ., თოფი ქართული წარწერით, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე» 1953, ტ. 17 B; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ნაკვ. 3–4, თბ., 1962.კ. ჩოლოყაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თოფი&oldid=11606-დან“