თოხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწის დასამუშავებელი ქვისა ან ლითონის იარაღი. დას. საქართველოში (იხ. სტ-ები თეთრამიწა საგვარჯილე და სხვ.) ენეოლითის ხანიდან გვხვდება ქვის თ-ები. გვიანდ. ბრინჯაოს ხანიდან ფართოდ გავრცელდა დას. საქართველოში მესხეთ-ჯავახეთში შიდა ქართლში, იშვიათად – ჩრდ. კავკასიაში. ორდუსა და მეხჩის ციხის (ახლანდ. თურქეთი) განძებში აღმოჩენილია ბრინჯაოს თ-ები. ძვ. წ. VII–VI სს-იდან ფორმის მიხედვით თ-ები დიფერენცირებულია, რაც მიწათმოქმედების მრავალდარგიანობას მოწმობს (მოთოხნა, ახოს აღება, ყამირის გატეხა და სხვ.). თ-ები გვხვდება განძების შემადგენლობაში (ურეკი, მელექედური, ზენითი და სხვ.) და სამარხებსა და დასაკრძალავ მოედნებზე (მუხურჩა, ურეკი, ერგეტა და სხვ.).დანიშნულების მიხედვით თ. იყო საღომე, სასიმინდე, სავენახე, საბოსტნე და სხვ. ცნობილია თ-ის სხვადასხვა სახელწოდება: კეკო, ბრტყელი, ლინგა, ყუიანი, ყუნწიანი, მხრებიანი, მხრებდაქნილი, ჩეკია და სხვ. საქართველოში უფრო ორი ტიპის თ-ს ხმარობდნენ: მხრებდაქნილს ("იმერული") და ბრტყელს ოთხკუთხას ("ქართული"). ნიადაგის დამუშავებას იწყებდნენ თ-ით, რ-ითაც მიწას თოხნიდნენ, აფხვიერებდნენ და სარეველა ბალახისაგან ასუფთავებდნენ. თ. დღესაც ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით მცირე ზომის საბოსტნე ნაკვეთებში.ლიტ.: ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960; ჯაფარიძე ო., მიწათმოქმედების იარაღები დასავლურ-ქართულ კულტურაში, «თსუ შრომები», 1953, ტ. 49. გ. ჯალაბაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თოხი&oldid=11617-დან“