თოხნური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უძველესი ქართული ხალხური მრავალხმიანი შრომის სიმღერა. მღერიან თოხნის დროს. ჩვენამდე მოღწეული თ. ორ-, სამ- და ოთხხმიანია. ასრულებენ მამაკაცები, ზოგჯერ – ორი გუნდი ერთიმეორის შენაცვლებით. ორ- და სამხმიანი თ. გვხვდება აღმ. საქართველოში ოთხხმიანი (ნადურის ან ყანურის სახელწოდებით) – გურიასა და აჭარაში. მეტრის, რიტმისა და კილოს მხრივ მრავალფეროვანია; ხშირად ერთ თ-შიც შეინიშნება მეტრისა და კილოს მონაცვლეობა. პოეტური ტექსტი იმპროვიზებულია, დამოკიდებულია სიმღერის დამწყებზე. თ. მხნე და ხალისიანი სიმღერაა, მთავრდება უნისონსა და კვინტაზე, იშვიათად – კვარტაზე. ლიტ.: ახობაძე ვლ., ქართული (აჭარული) ხალხური სიმღერები, თბ., 1961; მამალაძე თ., შრომის სიმღერები კახეთში, თბ., 1963. გ. ჩხიკვაძე.